რუსების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონებმა ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი X-ზე, ხოლო რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
რინკევიჩის თქმით, რუსული სამხედრო დრონი გუშინ, 7 სექტემბერს ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა.
“ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ჩვენს მოკავშირეებთან ახლო კონტაქტზე ვართ. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგში ამგვარი შემთხვევების რიცხვი იზრდება და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით [NATO-ს წევრ ქვეყნებს] ერთობლივი რეაგირება უნდა გვქონდეს” – წერს ლატვიის პრეზიდენტი X-ზე.
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ 8 სექტემბერს, გამთენიისას რუსულმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, ხოლო შემდეგ ისევ უკრაინის მიმართულებით განაგრძო ფრენა.
“რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე, რაც სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან” – წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული დრონები სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეს არღვევენ. მაგალითისთვის, გუშინ რუსული Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონები უკვე მესამედ შეფრინდნენ ბელარუსის საჰაერო სივრცეში.
წყარო: ტაბულა