რუსული ხორბლის ექსპორტის კვოტირება საქართველოზე გავლენას არ მოახდენს – ლევან სილაგავა (bm.ge)

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ს მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული კვოტები, საქართველოს ბაზარზე გავლენას არ იქონიებს. ის განმარტავს, რომ აღნიშნული რეგულაცია ს მხრიდან ყოველწლიური პრაქტიკაა და შიდა ბაზრის სტაბილურობას ისახავს მიზნად.
ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე დეფიციტის საფრთხე არ არსებობს, რადგან ქვეყანას გარდამავალი მარაგები აქვს.
“ჩვენს შემთხვევაში, ეს გავლენას არ ახდენს, რადგან ქვეყანას უკვე აქვს ორი თვის გარდამავალი მარაგი, ფასები კი სტაბილურია. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით მსჯელობა იმაზე, თუ 20 მილიონი ტონის კვოტა რა ეფექტს მოიტანს, ალბათ უფრო უპრიანი მარტში იქნება, როდესაც ახალი მოსავალი დაანონსდება, მათ შორის, ჩვენს საიმპორტო რეგიონებში – ეს არის რუსეთი, და ყაზახეთი.
გამოცხადებული 20 მილიონი ტონა არ არის მოულოდნელობის ეფექტი. ეს იყო შარშანაც, შარშანწინაც და იმის წინაც, როდესაც სეზონის მეორე ნახევარში ამას აცხადებენ, ცდილობენ დაარეგულირონ ექსპორტი და მათი ადგილობრივი მარაგები”, – ამბობს ლევან სილაგავა BMG-სთან.
მისივე ცნობით, წელს საქართველოს ბაზარზე იმპორტის დივერსიფიკაცია მოხდა. თუ შარშან რუსული ხორბლის წილი 90%-ს აჭარბებდა, წელს ეს მაჩვენებელი 70%-მდე შემცირდა. მიზეზი ყაზახური ხორბლის გააქტიურებაა, რომელმაც ბაზრის 25% დაიკავა. ყაზახეთის მთავრობამ ჭარბი მოსავლის რეალიზაციისთვის სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება მოახდინა, რამაც მათი პროდუქცია საქართველოში კონკურენტუნარიანი გახადა.
მიუხედავად იმპორტის სტაბილურობისა, ასოციაცია ყურადღებას ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე ამახვილებს. მისი თქმით, სასურსათო უსაფრთხოების გარანტი ადგილობრივი ხორბლის წილის 35-40%-მდე გაზრდა იქნება, რაც ამჟამად მხოლოდ 18-20%-ს შეადგენს.
თებერვლიდან, რუსული ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტები დაწესდება – აღნიშნულის შესახებ რუსეთის მთავრობამ 22 დეკემბერს განკარგულება გამოსცა.
მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვა 2026 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე იქნება ძალაში. რუსეთიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ ხორბლის, მესლინის, ქერისა და სიმინდის გატანაზე სატარიფო კვოტის ჯამური მოცულობა 20 მლნ ტონას შეადგენს.
მარცვლეულის ექსპორტის კვოტირების მექანიზმი მთავრობამ 2021 წელს აამოქმედა. კვოტირების ფარგლებში მარცვლეულის ექსპორტი მცურავი ბაჟით იბეგრება, რომელიც საფასო კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. წელს ქვეყანამ ჯამში 115 მილიონი დოლარის ღირებულების 460 141 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან 79% რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე მოდიოდა. 11 თვეში საქართველომ 91.2 მლნ დოლარის ღირებულების 360 400 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა.