რუსული ქსელებიდან ჩახსნის შემდეგ, ესტონეთს ელექტროენერგიის გაძვირება დაემუქრება

რუსული ელექტროქსელიდან გათიშვის შემდეგ, ესტონეთს საკუთარ ქსელში სიხშირის კონტროლი თავად მოუწევს.
ეს ელექტროენერგიის ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, თუმცა, ქსელის მეტ კონტროლს უზრუნველყოფს.
რუსულ ელექტროქსელთან დესინქრონიზაცია მომავალი წლის თებერვალში იგეგმება.
გაზეთ „დეილი პოსტიმეესის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებისა და მოხმარების ამჟამინდელი ტარიფი 1 მეგავატ/საათზე 4 ცენტს შეადგენს, ს ენერგოსისტემის ოპერატორი „ელერინგი“ აცხადებს, რომ დესინქრონიზაციის შემდეგ, ტარიფი მწარმოებლებისთვის უნდა იყოს 5,31 ევრო მეგავატ/სთ-ზე და 0,53 ცენტი კვტ/სთ-ზე – მომხმარებლებისთვის.
ამ განაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი სიხშირის რეზერვების შესყიდვის ხარჯებზე მოდის, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადიც ემატება.
ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად 250 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფის მომატება ყოველთვიურ ხარჯებს დამატებით 15,91 ევროს ოდენობით (პლუს, დღგ) გაზრდის.
„ელერინგი“ არ არის ვალდებული, ეს ფასი ანტიმონოპოლიურ სააგენტოსთან (Konkurentsiamet) შეათანხმოს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო შეამოწმებს, რამდენად მართებულია ტარიფი.
ტარიფი ცვლადი იქნება და ის სიხშირის რეზერვების ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.
რეალური ფასი მხოლოდ მომავალი წლის თებერვალში, ბაზრის გახსნის შემდეგ გახდება ცნობილი და ის ანტიმონოპოლიური სააგენტოს, ელექტროენერგიის მწარმოებლების, მომხმარებლებისა და თავად კომპანია „ელერინგის“ მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
იმისათვის, რომ დაუსაბუთებელი ხარჯები არცერთ მხარეს არ დააწვეს, ტარიფი ყოველ ორ თვეში ერთხელ გადაიხედება.
ადრე დაგეგმილი იყო, რომ ესტონეთი, ისევე როგორც ლატვია და ლიეტუვა, 2025 წლის ბოლომდე უნდა გათიშულიყვნენ BRELL-ის ქსელიდან, რომელიც მათ რუსულ და ბელარუსულ ქსელებთან აკავშირებს და ეს კონტინენტურ ევროპულ ქსელთან სინქრონიზების პარალელურად უნდა მომხდარიყო. თუმცა, ამ პროცესის დასრულებას ბალტიის ქვეყნები ახლა უკვე 2025 წლის თებერვლამდე აპირებენ.
ეს სამი სახელმწიფო ევროკავშირის წევრ ბოლო ქვეყნებს წარმოადგენენ, რომლებიც ჯერ კიდევ სინქრონიზებულნი არიან ს ელექტროქსელთან.
დესინქრონიზაცია მათ საკუთარ ენერგეტიკულ ქსელებზე სრული კონტროლის საშუალებას მისცემს.
კონტინენტური ევროპის სინქრონული ქსელი (ასევე ცნობილია, როგორც კონტინენტური სინქრონული ზონა; ადრე ცნობილი იყო, როგორც UCTE ქსელი) წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ სინქრონულ ელექტროქსელს, რომელიც ჩაკეტილ ელექტროსისტემაში 50 ჰერცი სიხშირის ქსელით არის გაერთიანებული.
UCTE-თან ბალტიის ქვეყნების სინქრონიზაცია ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის (ENTSO-E) კონტროლის ქვეშ ხორციელდება და ნიშნავს ამ სამი ქვეყნის გამოსვლას დსთ-ს IPS/UPS გადაცემის სისტემიდან, რომელიც ბელარუსის, რუსეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას (BRELL) შეთანხმებით რეგულირდება. პროექტი, სავარაუდოდ, 2025 წლის თებერვალში დასრულდება.
1tv.ge