რუსული სახელმწიფო კომპანიის სანქცირებული ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „როსსეტის“ დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის ანდრეი რიუმინის ხელმძღვანელობით, რომელიც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და შვეიცარიის სანქციების ქვეშაა, სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.
რიუმინმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრები გამართა საქართველოს ენერგეტიკული კომპანიებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ამის შესახებ, ინფორმაცია თავად რუსულმა კომპანიამ გაავრცელა.
კომპანიის განცხადების თანახმად, ქვეყნის უდიდესი ენერგეტიკული კომპანიის, „საქრუსენერგოს“ (აქციების 50%-იანი წილები „როსსეტის“ და საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია) მენეჯმენტთან შეხვედრაზე განიხილეს ელექტროქსელის საიმედოობის, მიმდინარე შედეგებისა და საინვესტიციო გეგმების საკითხები. ასევე შეჯამდა 2024 წლის წარმოებისა და ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები.
ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციაზე პასუხისმგებელი სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სივრცეში მხარეებმა განიხილეს რუსეთსა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონის“ შეუფერხებელი მუშაობის საკითხი.
“ასევე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელზეც განიხილეს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „საქრუსენერგოს“, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ს დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გაუვრცელებია.
სანქციები ანდრეი რიუმინის წინააღმდეგ
ანდრეი რიუმინი ევროკავშირის სანქციების სიაში2022 წლის 15 მარტს შეიყვანეს სანქციების მეოთხე პაკეტის მიღების შემდეგ, სტატუსით: ეკონომიკის საკვანძო სექტორში „ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი“ და 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინთან „ოლიგარქიულ“ შეხვედრაში მონაწილეობაა. ეს შეფასდა, უკრაინის სუვერენიტეტის შემაფერხებელი პოლიტიკის მხარდაჭერად. ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, გაიყინა რიუმინისა და “როსსეტის” აქტივები ევროკავშირში, აიკრძალა მათთან ნებისმიერი ტრანზაქცია, ხოლო თავად რიუმინს აეკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.
დიდმა ბრიტანეთმა რიუმინი სანქციების სიაში იმავე დღეს, 2022 წლის 15 მარტს, შეიყვანა კომპანიების “Роснефти”-სა და “Яндекс”-ის კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად. ის ე.წ. აქტივების გაყინვის სიაში (asset freeze list) შეიყვანეს: მისი აქტივები დიდ ბრიტანეთში გაყინულია, ბრიტანულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მასთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ, ხოლო თავად მას ქვეყანაში შესვლა ეკრძალება. მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის მსგავსად, მას პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად მიიჩნევენ სტრატეგიულ სექტორში, რომელსაც სახელმწიფო შემოსავალი მოაქვს.
კანადამ რიუმინს სანქციები 2022 წლის 18 მაისს დაუწესა. კანადის მთავრობის განცხადებით, ეს არის პასუხი ში „რუსეთის აგრესიაზე“ და ზომა „ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის“ წინააღმდეგ. სანქციები მიმართულია პუტინთან დაახლოებული სახელმწიფო მენეჯერების, მათ შორის „როსსეტის“ აღმასრულებელი დირექტორის ანდრეი რიუმინის მიმართ. კანადამ გაყინა ქვეყნის ტერიტორიაზე რიუმინის აქტივები და კანადელებს მასთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება აუკრძალა.
შვეიცარიამ ევროკავშირის მიერ დაწესებული ზომები გაიზიარა და რიუმინს სანქციები 2022 წლის 16 მარტს დაუწესა.
“საქრუსენერგოს” კავშირი “ქართულ ოცნებასთან”
1996 წელს დაარსებული სს „საქრუსენერგო“ მართავს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან დამაკავშირებელ ხაზებს.
მანამდე ოპოზიციური ტელეკომპანია „პირველი“იუწყებოდა, რომ კომპანიაში დასაქმებული იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და პარლამენტის ყოფილი წევრები, მათ შორის ლექსო თამაზაშვილი (ყოფილი პრემიერ-მინისტრის ს ცოლის ძმა), დავით ლორთქიფანიძე ( პარლამენტის ყოფილი წევრი), ნუგზარ ჩიქოვანი (თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის მამა). თეატრმცოდნე თეა გაბადაძე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ნოშრევან ნამორაძის ცოლის და, დღემდე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება