რუსული რეპრესიები ოკუპირებულ აფხაზეთში – პუტინი დახმარების შეწყვეტით იმუქრება

კრემლი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რეპრესიებს აანონსებს. საოკუპაციო რეჟიმი სადამსჯელო ღონისძიებებით ემუქრება ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერებსა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და აპროტესტებენ პუტინის გეგმას. საუბარი “აპარტამენტების კანონზე”, რომლის მიხედვითაც, ს მოქალაქეებს აფხაზეთში საკუთრება და ტერიტორიები უნდა დაუკანონდეს.
მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე თვითგამოცხადებულმა “პრეზიდენტმა” ბჟანიამ დავალება მიიღო, ე.წ-მა პარლამენტმა სასწრაფოდ დაამტკიცოს აგრესორი ქვეყნის მიერ ინიციირებული “კანონი”, წინააღმდეგ შემთხვევაში ოკუპირებული რეგიონი კრემლის ფინანსურ დახმარების გარეშე დარჩება.
აფხაზური ოპოზიციური ტელეგრამარხები RESPUBLICA და Абхазский портал იუწყებიან, რომ ს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი იმ აფხაზი დეპუტატებისთვის, რომლებიც ე.წ აპარტამენტების შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” წერს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებდა, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე ე.წ პარლამენტიდან ერთი თვის წინ გაიწვიეს.
გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით, რომლის ნამდვილობა ჯერ არ არის დადასტურებული, მოსკოვი გეგმავს შეაჩეროს რუსეთის ფინანსური დახმარების გადაცემა აფხაზეთისთვის 2024 წლის 1 სექტემბრიდან, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:
· ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
· რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
· რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).
დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ეხება აფხაზ ე.წ დეპუტატებისთვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევას, ნათქვამია:
“გაითვალისწინეთ აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანია) ვალდებულება, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიწოდებული იქნას ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და აფხაზური ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ მოქმედებენ.”
გარდა ამისა, მოსკოვი გეგმავს მოუწოდოს სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს, მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან “რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე მათი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო”.
მანამდე სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სამ დეპუტატს, რომლებიც საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის შეცვლას ემხრობოდნენ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრის შესახებ ბჟანიას პრესსამსახურმა ინფორმაცია 23 აგვისტოს გაავრცელა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს “აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო ურთიერთქმედების, ენერგომომარაგების არაერთი საკითხი”.
წყარო: მთავარი არხი