აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე, უნგრეთის ერთადერთმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია Mol Nyrt-მა განაცხადა, რომ მას რუსული ნავთობის ალტერნატივა აქვს.
მედიის ინფორმაციით, Mol Nyrt-მა, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მართავს, განაცხადა, რომ თუ “დრუჟბას” მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება შეწყდება, ნავთობის უმეტესი ნაწილი ხორვატიიდან მილსადენით შეუძლია ჩაანაცვლოს.
მედიის ცნობით, კომპანიის შემოსავლების ანგარიშში ნათქვამია, რომ “დრუჟბას” მილსადენის მეშვეობით ნედლი ნავთობის ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში, მას შეუძლია გაზარდოს ადრიატიკის ზღვის მილსადენის გამოყენება და დაფაროს მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საჭიროებების დაახლოებით 80%, „თუმცა ეს უფრო მაღალ ტექნიკურ რისკებსა და ლოჯისტიკურ ხარჯებს იწვევს“.
ეს განცხადება გარდამტეხ მომენტად მიიჩნევა, რადგან აშშ-სა და ევროკავშირის მიზანია 2027 წლიდან სრულად შეწყდეს რუსული ენერგიის იმპორტი, თუმცა როგორც ორბანი და ასევე Mol Nyrt დღემდე აცხადებდნენ, რომ უნგრეთს რუსული ნედლი ნავთობის ეფექტიანი ალტერნატივა არ გააჩნდა. ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, დამოკიდებულია მილსადენებზე და ამიტომ “დრუჟბას” ხაზი მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ენერგოუსაფრთხოებისთვის. აღსანიშნავია, რომ ასეთივე მდგომარეობაში იყო ჩეხეთი, მასაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, თუმცა იტალიურ პორტთან დამაკავშირებელი მილსადენით სრულად შეძლო რუსული ნავთობის ჩანაცვლება. უნგრეთს 2027 წელს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს რუსულ ნავთობზე უარის თქმა ევროკავშირის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უნგრეთმა გაზარდა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები და ამჟამად ნავთობის იმპორტის დაახლოებით 90%-ს მოსკოვიდან იღებს.
მედიის ინფორმაციით, ქვეყანამ მიიღო დროებითი გამონაკლისი ევროკავშირის სანქციებისგან და ისარგებლა რუსული ენერგიის დაბალი ფასებით.
ავტორი: ნინა სიგუა




