რუსული მედია – ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ტაჯიკეთში გამართულ შეხვედრაზე Azal-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საკითხი განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ტაჯიკეთში გამართულ შეხვედრაზე Azal-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებში კომპენსაციის გადასახდელად ყველაფერს გააკეთებს, რაც აუცილებელია“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სისტემების მიერ გაშვებული ორი რაკეტა თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვედრია და რაკეტები რამდენიმე მეტრის დაშორებით აფეთქდა.
„შეგვიძლია ამ ტრაგედიის მიზეზები განვიხილოთ. ეს დაკავშირებულია რამდენიმე გარემოებასთან, პირველი ის არის, რომ ცაში უკრაინული დრონი იმყოფებოდა. ჩვენ სამ დრონს ვაკვირდებოდით. სავარაუდოდ, თვითმფრინავი ნამსხვრევებით დაზიანდა და არა რაკეტებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.