“რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლას არ ვასრულებთ” – გამოხმაურებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები. მათი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეც იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება და სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, თავისი სიტყვა ეთქვა “რუსული კანონის” წინააღმდეგ, ემოქმედა კონსტიტუციის შესაბამისად და შეეჩერებინა ნორმები. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მასზე დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა. თუმცა, ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ ჩვენ ბრძოლას არ ვასრულებთ და მის უპირობო გაუქმებას აუცილებლად მივაღწევთ”.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრიფინგზე გამოეხმაურა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია. ის ერთ-ერთი მოსარჩელე იყო. კორძაიამ განაცხადა, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა ს საკონსტიტუციო სასამართლოს გზას”. მან გამოთქვა წუხილი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე არ აღმოჩნდნენ.
“სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ხედავს ამ კანონის მავნე შედეგებს როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით. ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას“, – თქვა თამარ კორძაიამ.
პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ასევე მოსარჩელე ს განცხადებით, “სამწუხაროა, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაიცვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი (ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია. რ.თ.) და ვერ დაიცვა საქართველოს ევროპული მომავალი … ძალიან სამარცხვინო ფურცელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ფურცელს გადაწერს ქართველი ხალხი თავისი ხელით 26 ოქტომბერს“.
„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი, თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავის შეფასებასაც ურთავს: “საუკეთესო შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში – შეგნებული დამნაშავე და საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის მოღალატეა; ჩვენ ისევ კვლავინდებურად გავაგრძელებთ საქმიანობას არჩევნებამდე. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. არაუშავს, თუ 6 მოსამართლე ამბობს უარს რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს 17 დღეში”, – წერს ბრაჭველი.
მმართველი პარტიის, “ქართულო ოცნების” წარმომადგენელმა ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას მედიასთან კომენტარში თქვა, რომ “სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ამაზე მეტყველებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“.
„რამდენი პროცესიც წარიმართა სტრასბურგში საქართველოდან – ეს იყო გვარამიას პროცესი, “რუსთავი 2-ის” საქმე, ს საქმე, სააკაშვილის სარჩელი, ორი სხვადასხვა მიმართულებით – ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენი სასამართლოს მიერ იქნა მიღებული, გაამართლა სტრასბურგის სასამართლომ. ამიტომ თემა დახურულია“, – თქვა მაჭავარიანმა.
9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა 4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი, რომლითაც ნაწილობრივ მიიღეს განსახილველად „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი. მოსამართლეებმა ხმათა უმრავლესობით მიიჩნიეს, რომ „აგენტების კანონი“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის, შესაბამისად, უარი თქვეს განხილვების დასრულებამდე მისი მოქმედების შეჩერებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ