რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ – 7 პარტიის ერთობლივი განცხადება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ და ივანიშვილის გუნდს რუსული კანონის უკან გაწვევას სთხოვენ.
გავრცელებული განცხადებით ისინი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ტერორში არა მხოლოდ “ოცნების” მიერ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები, არამედ -ს საპოლიციო დანაყოფები არიან ჩართული.
“პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია” – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად შეულახა.
“ქართული ოცნების’” წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები. პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ, ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული. საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვაგრძელებთ ერთიან წინააღმდეგობას რუსული კანონისა და რუსული რეჟიმის მიმართ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:
· ახალი
· სტრატეგია აღმაშენებელი
· დროა
· გირჩი – მეტი თავისუფლება
· რესპუბლიკური პარტია
· ლელო საქართველოსთვის
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა