რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 6 მომიტინგე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების 6 მონაწილე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე აღძრულ საქმეებზე.
მიერ გამართულ ბრიფინგზე, 9 მაისს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი 5 წუთის განმავლობაში კითხულობდა ტექსტს იმის შესახებ, რა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განხორციელდა უწყვეტი ანტირუსული აქციების ფარგლებში პროტესტის მონაწილეების მხრიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომ შსს აქციის ყველა ორგანიზატორს, პოლიტიკურ ლიდერსა და პროტესტის მონაწილეს გამოჰკითხავს, ვისაც აღნიშნულ ქმედებებთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი.
თამაზაშვილმა აღნიშნულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს შორის დაასახელა სამეთვალყურეო კამერების დაზიანება პარლამენტისა და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის შენობებზე, პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება, დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ და სხვა.
აღნიშნული ბრალდებებით (პოლიციაზე თავდასხმა და ნივთის დაზიანება), შსს-ს ცნობით, 6 პირია დაკავებული.
შსს-ს განცხადების თანახმად:
“აქციის მონაწილეები სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმას ადგილზე მყოფ პოლიციელებზე.
სხვადასხვა მძიმე საგანს, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებებს და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შსს-ს თანამშრომლები და განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები.
აზიანებდნენ ვიდეო-სამეთვალყურეო საშუალებებს და მერიის კუთვნილებაში მყოფ სხვადასხვა ნივთებს”, – ამბობს თამაზაშვილი.
შსს განცხადებით, დაზიანება მიიღო შსს-ს 7-მა თანამშრომელმა.
6 დაკავებულიდან:
· ერთს 16 აპრილს სამართალდამცავთა მიმართ ბლაგვი საგნის სროლა ბრალდება, რის შედეგადაც განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელმა თვალის არეში დაზიანება მიიღო.
· ერთს ბრალდება 16 აპრილს საპატრულო პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანება.
· დაკავებულთაგან ორ პირს ბრალდება 1-2 მაისს შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანება.
· ერთს ბრალდება პირველ მაისს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება და შსს-ს თანამშრომლების მიმართ ქვის სროლა, რასაც ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველის დაზიანება მოჰყვა.
· ერთ პირს ბრალდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერის დაზიანება
თამაზაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187 მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს და შსს აგრძელებს სხვა სავარაუდო კანონდამრღვევების ძებნას.
“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს აქვს გამოძიება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფურად მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარად დაუმორჩილებლობისკენ, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობას შეფერხება გამოიწვია”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს აანონსებს ყველა მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამბობენ, რომ გამოჰკითხავენ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებსა და ყველა იმ პირს, ვისაც, მათი შეფასებით, რამე კავშირი შეიძლება ჰქონდეს ჩამოთვლილ სისხლის სამართლის საქმეებთან.
შსს-ს ბრიფინგზე სიტყვა არ თქმულა 8 მაისს ღამით განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებზე პროტესტის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რასაც წინ უძღოდა ორი დღის მანძილზე მუქარის შემცველი ზარები.
ნახეთ:

ასევე დაგაინტერესებთ