რუსული კანონის სარკისებური ეფექტი ლარის კურსზე და მთავარი მესიჯი ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილის მიერ ღიად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული, ე.წ. რუსული კანონის მიღებას, მეორე დღესვე სარკისებური ეფექტი ჰქონდა საქართველოს ეკონომიკაზე. დილიდან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მკვეთრად დაეცა საქართველოს ორი, ყველაზე მსხვილი ბანკის: Bank of Georgia Group PLC და TBC Bank Group PLC აქციები, შესაბამისად, 13 და 15%-ით, რაც ცალსახად, ამ “რუსულ კანონზე” უცხოელი ინვესტორების რეაქციაა.
„ასე რეაგირებენ ინვესტორები რუსულ კანონზე. ამ ყველაფრის ფონზე უფასურდება ლარი. ეს ყველაფერი ვის დაარტყამს? ვისაც სოციალური პრობლემები აქვს. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს. ჩვენი კორუმპირებულებისთვის ეს არ არის პრობლემა, მათ მილიონები აქვთ ნაშოვნი და ჩვენ მოგვშივდება, თუ მოგვწყურდება, ფეხებზე ჰკიდიათ“ დავით მაისურაძე, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
საფონდო ბირჟაზე აქციების ვარდნა მყისიერად აისახა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, ლარმა გაუფასურება დაიწყო. 15 მაისს, ეროვნული ბანკის კურსით, 1 დოლარი – 2 ლარი და 68 თეთრი ღირდა, საღამოს, 2 ლარი და 73 თეთრი გახდა, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში – 2 ლარს და 85-90 თეთრს მიაღწია. ლარის გაუფასურება მაშინვე აისახა საწვავის ფასებზეც.
„ავანტურულ პოლიტიკურ თამაშებს ყოველთვის ექნება ეკონომიკური ფასი. ახლა, ამ ფასს იხდის ორი ყველაზე წარმატებული ქართული კომპანია და მისი აქციონერები.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი კომპანია ამავდროულად არის ქვეყნის ორი სისტემური ბანკი, ირიბად, ეს გარემოება უკვე ჩვენ ყველას გვეხება“ – ამბობს „პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.
„ასე რეაგირებენ ინვესტორები რუსულ კანონზე. შემდეგ ყველაფერი დომინოს პრინციპით მიდის. ამ ყველაფრის ფონზე უფასურდება ლარი. ეს ყველაფერი ვის დაარტყამს? ვისაც სოციალური პრობლემები აქვს იმას. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს, ვინც დამოკიდებულია სახელმწიფოსგან დახმარების მიღებაზე.
ჩვენი კორუმპირებულებისთვის ეს არ არის პრობლემა, რადგან მათ მილიონები აქვთ ნაშოვნი, და ჩვენ მოგვშივდება თუ მოგვწყურდება ფეხებზე ჰკიდიათ“ – მიაჩნია ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს დავით მაისურაძეს.
სამთავრობო ექსპერტები პირიქით ამტკიცებენ, რომ ეს „მოკლევადიანი რყევაა“ და „ქვეყნისთვის“ გამოწვევა საერთოდ არ არის. ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას და ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკების აქციების მკვეთრ გაუფასურებას არ გამოხმაურებია. “მე რამდენადაც გადავამოწმე და მოვიკითხე, ბევრჯერ ყოფილა ამგვარი გაუფასურება ამ ბანკების ფასიანი ქაღალდებისა, წინა წლებშიც, და შემდეგ საწყის პოზიციებს უბრუნდებოდა ეს ფასი” – განაცხადა „ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა, რომელმაც ე.წ. “რუსულ კანონს” დაუჭირა მხარი.
„ჩვენ არ დავთანხმდით, რომ საქართველოს ხელისუფლება მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები. გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულება და არა „გარკვეული შეშფოთება”. ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა, არა უბრალოდ, უფრო რთულია, არამედ, გზა არ არსებობს“ გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლარის და ბანკების ფასიანი ქაღალდების გაუფასურების ფონზე, საქართველოს მეგობარი ქვეყნების დელეგაციები განაგრძობენ მცდელობას, რომ ივანიშვილმა ეს კანონი უკან წაიღოს. სკანდალით დასრულდა „ოცნების“ პარლამენტის სპიკერის პაპუაშვილის შეხვედრა ლიეტუვის, ს, ლატვიის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
როგორც აღმოჩნდა, პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, ევროპელი მინისტრები მას ყველაფერში დაეთანხმნენ, რაც ევროკავშირის წევრი ოთხი სახელმწიფოს საგარეო მინისტრებმა მაშინვე უარყვეს.
„ჩვენ არ დავთანხმდით, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები. გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულება და არა „გარკვეული შეშფოთება“ – დაწერა X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
საღამოს, ლანდსბერგისმა სამ ევროპელ კოლეგასთან ერთად, თბილისში, სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ცალსახად განაცხადა, რომ ე.წ. “რუსული კანონით” საქართველოს ევროკავშირისკენ გზა სამუდამოდ ჩაეკეტება. „ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა, არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ, გზა არ არსებობს“.
პაპუაშვილი, რომელსაც 17 წელი ხელფასს (2003-2020) გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ) უხდიდა, ღიად დაესხა თავს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს, რომელიც გუშინ თბილისში, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა და „ქართულ ოცნებას“ „ქართული კოშმარი“ უწოდა.
„სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ. საერთო ჯამში, ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო უცხოური გავლენების – უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან” ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდიოდნენ“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ