რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

რუსული კანონის მეორე სასესიო განხილვის პარალელურად, თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
მეორე სასესიო განხილვა პარლამენტმა 12:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ამასთან, დღესვე კანონპროექტის კენჭისყრა ვერ მოესწრება და რუსული კანონის განხილვა პარლამენტში ხვალ 1 მაისს 12:00 საათზე გაგრძელდება.
აქტივისტების ნაწილი ამ დროისთვის პარლამენტის გვერდითა, შესასვლელებთან არიან განლაგებული საიდანაც სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა პარლამენტის შენობა უნდა დატოვონ. აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი პარლამენტის ჭიშკართან სხედან, აქციის დანარჩენ მონაწილეებს კი, რომლებიც პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, ჭიშკრამდე მიახლოების საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კორდონიც.
დღეს, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომისა და სესიის პარალელურად, 12:00 საათიდან პარლამენტის უკან, ხოლო 19:00 საათზე პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები იმართება.
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, სესიაზე უნდა გაიმართოს მეორე მოსმენით კენჭისყრა, ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
სანქციები და ურთიერთობების გადახედვა — 14 სენატორი ს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს
არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში — არასამთავრობოები და მედიები
83 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭირა | სია

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება