მოკლედ
· ქართველმა პედაგოგებმა რუსული ენის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარეს.
· კურსი მოიცავდა ლექციებს, მასტერ კლასებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და კულტურულ აქტივობებს.
· კურსი ორგანიზებული იყო “რუსკი მირ”-ის და სხვა რუსული ორგანიზაციების მხარდაჭერით.
რუსული ენის ქართველმა პედაგოგებმა, აგვისტოში სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორკვირიანი კურსი გაიარეს, ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Qartli.ge-მ გაავრცელა გორის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგზე დაყრდნობით. მისი პოსტის მიხედვით, მასწავლებლების შერჩევასა და მოგზაურობის ორგანიზებას გორის უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის ლექტორი კურირებდა.
“პროგრამის ფარგლებში დავესწარით ლექციებს, მასტერ კლასებს პრაქტიკული დავალებებით, გავეცანით თანამედროვე ტექნოლოგიებს (ხელოვნური ინტელექტი, სლენგები), მათ შორის ლინგვოდიდაქტიკურ თამაშებს და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ანალიზს.” – წერს გორის მერვე საჯარო სკოლის პედაგოგი.
მასწავლებელი აღნიშნავს, რომ, “მუდმივი განვითარების” სასწავლო კურსს თან ახლდა კულტურული პროგრამა:
“თეატრი, მუზეუმები, სასახლეები, ერმიტაჟი, ფაბერჟეს მუზეუმი, გემით გასეირნება და ხიდების გახსნას და სხვა უამრავი ისტორიული, თუ კულტურული ღირშესანიშნაობა…”
“უპირობოდ მიხარია და მიველასმები ყველა იმ ადამიანის მონდომებას, შრომას და წარმატებას, ვინც მუდმივ განვითარების პროცესშია და ცდილობს იყოს თავისი საქმის პროფესიონალი. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს ვისაც ჩემი წარმატება გაუხარდა” – წერს გორის საჯარო სკოლის პედაგოგი.
კურსი ორგანიზებული იყო ფონდის “რუსკი მირ”-ის ( Русский мир) „როსოტრუდნიჩესტვოს“ და სანქტ-პეტერბურგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხარდაჭერით.
როგორც „რუსკი მირ“-ის ვებ-საიტი იტყობინება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი 29 ქვეყნის 85-მა მასწავლებელმა გაიარა, ქართველი პედაგოგების გარდა მონაწილეობდნენ მასწავლებლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ეგვიპტიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, იტალიიდან, კამერუნიდან, ჩინეთიდან, ლიბანიდან, მონღოლეთიდან, ნიგერიიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, რუმინეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან და საფრანგეთიდან, ასევე დსთ-ს რიგი ქვეყნებიდან.
„თქვენ კვალიფიკაციას აიმაღლებთ მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში – პუშკინის, დოსტოევსკის და ბროდსკის ქალაქში“, – თქვა პროგრამის მონაწილეებისადმი მიმართვაში სანქტ-პეტერბურგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სერგეი მარკოვმა.
სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებას ნეტაგიური შეფასებები მოჰყვა: „სინამდვილეში ახალი თაობის მოწამვლის გადამზადების კურსებზე გაუშვეს“; „ისტორიაშიც ხომ არ ჩაუტარდათ „ტრენინგები?“; „გორიდან, სადაც რუსეთს საოკუპაციო ხაზი აქვს რამდენიმე კილომეტრში, „პედაგოგი“ რუსეთში რომ წავა, იმ ქვეყანას არა თუ გადარჩენა არ უწერია, არამედ ღირსიც არაა გადარჩეს!..”- წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.
საქართველოში რუსეთის სამთავრობო უწყებებთან აფილირებული ორგანიზაციები პერიოდულად მონაწილეობენ სტაჟირების, რუსეთში უფასო განათლების მიღების მსურველთა და რუსული ენის პოპულარიზაციის პროგრამებში.
წელს, ივნისში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალმა ხელმძღვანელმა, დმიტრი ოლისოვმა, განაცხადა, რომ დიპლომატიური მისია გააგრძელებს „რუსული ენის პოპულარიზაციის“ მიმართულებით მუშაობას.
5 და 6 სექტემბერს, თბილისში ტრენინგიც ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა „რუსული ენის სწავლების აქტუალურ საკითხებს“.
· კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 2024 წელს საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის, „კავკასიის ბარომეტრის“ თანახმად, მოსახლეობაში რუსული ენის ცოდნის დონე შემდეგნაირად გადანაწილდა: 17%-ს არ აქვს საწყისი ცოდნა; 25%-ს აქვს დაწყებითი დონე; 38%-ს – საშუალო; 18%-ს – მაღალი; 2%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.
· გამოკითხულთა 56% რუსული ენის ცოდნას საშუალოდ ან მაღალ დონეზე აფასებს. თუმცა შეინიშნება რუსული ენის ცოდნის დონის შემცირება წინა წლებთან შედარებით. გარდა ამისა, 2024 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა მიუთითა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს რუსულს, როგორც მეორე ენას.
ფორუმი
