რუსული დაზვერვა: ქართული პროტესტის მონაწილეებს დღეში 120 ევროს გადაუხდიან

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ირწმუნება, რომ ევროკავშირი ცდილობს გააძლიეროს ანტისამთავრობო პროტესტი საქართველოში, მათ შორის აქციის მონაწილეების დაფინანსებით.
უწყების განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის საქართველოში გამოყოფილია მნიშვნელოვანი რესურსები მანიფესტაციების საკოორდინაციოდ.
„ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების თითოეულ მონაწილისთვის დაგეგმილია დღიურ სამუშაოში 120 ევრომდე ანაზღაურება“, — ნათქვამია განცხადებაში.
კონსპირაციას, რომ დასავლეთი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობს პერიოდულად ავრცელებს ხოლმე, თუმცა დღემდე ამის დამადასტურებელი არავითარი ირიბი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია. ამ ტიპის განცხადებები მოსკოვიდან განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მიიღო და დიპლომატიურ კონფლიქტში შევიდა ევროკავშირთან და -სთან. მოსკოვიდან “ქართული ოცნება” ამის გამო არაერთგზის შეაქეს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განმარტავენ, რომ ევროკავშირი მუშაობს სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ვალუტის მიწოდების ვარიანტზე, თუ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება, დაბლოკოს „დივერსიული ქმედებების დაფინანსების არხები“.
„ევროკავშირის ოფიციალურ პირებს დაევალათ უფრო აქტიურად იმუშაონ ოპოზიციური ქართული პარტიების — „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ — გაერთიანებაზე. მათ მოუწოდებენ შექმნან ერთიანი მუშტი, მიმართული მმართველი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, — აცხადებს რუსული დაზვერვა.
СВР-ის ცნობით, ევროკავშირი შეეცდება ანტისამთავრობო განწყობები ჩამოაყალიბოს ბლოგერებს, ჟურნალისტებს, IT-სპეციალისტებსა და რუს გადასახლებულებს შორის.
„ბრიუსელის მიერ კონტროლირებადი ქართული და ევროპული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებულია ამ ფოკუს ჯგუფის „ტვინების გამორეცხვაზე“ ზღაპრებით „ერთიან ევროპასთან თანამშრომლობის სარგებლისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრორუსული პოლიტიკის ვექტორზე“. ევროკავშირის პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდობა ევროპისთვის“ ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს შესთავაზებენ 50 ათას ევრომდე გრანტს „პროგრესული“ პროექტების განსახორციელებლად. თანხების გამოყოფის მთავარი კრიტერიუმი არის ავტორების ლოიალობა დასავლეთის მიმართ“, — აცხადებს რუსული დაზვერვის პრეს-ბიურო.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ადანაშაულებს ევროკავშირის ელჩს ს ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციის წარმოებაში და ამბობს, რომ ის Deep State-ის დავალებით მოქმედებს.
„დიფ სთეითით“ ჩაანაცვლა „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „გლობალური ომის პარტია” — ეს არის „ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია არაფორმალური გავლენის შესახებ, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც გავლენა მთავრობებზე, პოლიტიკურ სპექტრზე, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებზე მსოფლიოს მასშტაბით და ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.