რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა.
„ოქტომბერში, ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩებოდა, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს არ დაასრულებდა და მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებდა. დღეს ეს ვალდებულება შევასრულეთ. შემდეგი ნაბიჯი 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა“, – აღნიშნავს კოშტა.
გადაწყვეტილებას კაია კალასიც აფასებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ აქტივების გაყინვის გაგრძელებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობას გამორიცხავს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ითვალისწინებს.




