რუსული აპლიკაციების საფრთხე – რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა?

საქართველოში მომხმარებლების მხრიდან რუსული აპლიკაციების მოხმარება ისევ აქტუალურია. ქვეყანაში დღესაც გამოიყენება ტაქსის სერვისი იანდექსი და სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა ოზონმა, ქვეყანაში მიტანის სერვისი დაამატა.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე განსაკუთრებით სიფრთხილისკენ რუსული წარმომავლობის აპლიკაციების გამოყენებისას მოგვიწოდებს. მისი თქმით, ამ დროს რისკები უფრო მაღალია, რადგან ეს აპლიკაციები იმაზე მეტ ინფორმაციას გვთხოვენ, ვიდრე ეს მომსახურების განხორციელებისთვის გვჭირდება. გოცირიძის თქმით, მომხმარებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ რამდენად არის საჭირო მოთხოვნილი ინფორმაცია იმ სერვისის მისაღებად, რასაც ონლაინ პლატფორმა გვთავაზობს ისე მიიღონ გადაწყვეტილება.
“ზოგიერთი აპლიკაცია, რომელიც არის რუსული ან არა ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული ითხოვს იმგვარ ინფორმაციას, რომელიც მას სერვისის განხორციელებაში არ სჭირდება. მაგალითად, ტაქსის აპლიკაცია “იანდექსი” გვთხოვს წვდომას ჩვენს ფაილებზე მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერში, ჩვენს სურათებზე ხმოვან შეტყობინებებზე, რაც მას არ სჭირდება რეალური სერვისი განსახორციელებლად, რისთვისაც ჩვენ მას ვიყენებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ, რა ინფორმაციას გვთხოვს აპლიკაცია და საჭიროა ეს ინფორმაცია თუ არა იმ სერვისის შესასყიდად რისთვისაც ჩვენ მას ვიყენებთ,”- ამბობს ანდრო გოცირიძე.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტის შეფასებით, ამ მიმართულებით არსებული საფრთხეების შესამცირებლად აუცილებელია ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარება, რომ მოსახლეობამ შესაძლო რისკების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღოს.
“მომხმარებელი უნდა მოერიდოს ნებისმიერ აპლიკაციაში პერსონალური მონაცემების შეყვანას, რომელიც არ ექვემდებარება ევროპულ კანონმდებლობას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.
თუ სახელმწიფო ვერ კრძალავს რუსულ პროგრამებს და რუსულ აპლიკაციებს, რომლის საკანონმდებლო საფუძველიც არსებობს, მაშინ აუცილებელია მარტივი, ძალიან ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება თუნდაც თავად სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან,”-ამბობს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე.