რუსული ავიახაზების ორი თვითმფრინავი აფრენიდან მალევე, ძრავის გაუმართაობის გამო, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო აეროპორტებში. ამის შესახებ «Авиаторщина» იტყობინება.
პირველი ინციდენტი ავიაკომპანიის “ურალის ავიახაზების” Airbus A321neo-სთან არის დაკავშირებული, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან ეკატერინბურგში მიფრინავდა. 4500 მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავს მარცხენა ძრავა გაფუჭდა. ეკიპაჟმა დისპეტჩერებს შეატყობინა გაუმართაობის შესახებ, რის შემდეგაც მიღებული იქნა თვითმფრინავის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება.
მეორე ინციდენტი NordStar Airlines-ის ავიაკომპანიის Boeing 737-თან დაფიქსირდა, რომელიც 2 იანვარს საღამოს ვოლგოგრადიდან ეკატერინბურგში მიფრინავდა.
11 300 მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავის მარცხენა ძრავი გაუმართავი აღმოჩნდა. ეკიპაჟი ვოლგოგრადის გუმრაკის აეროპორტში დაბრუნდა.
ამ ინციდენტების შემდეგ, ორივე ავიაკომპანიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რეისებიდან ტექნიკური დათვალიერებისა და მდგომარეობის შეფასებისთვის იქნა მოხსნილი.
უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსული ავიაციის შემადგენლობაში არსებობდა 1 031 თვითმფრინავი, რომელთა ორი მესამედი იყო Boeing-ისა და Airbus-ის მიერ წარმოებული თვითმფრინავები. თუმცა, აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების საფუძველზე აიკრძალა ამ თვითმფრინავების მომსახურება, ასევე ახალი თვითმფრინავების მიწოდება. 2023 წელს, რუსეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ფარულად მისცა უფლება თვითმფრინავების „კანიბალიზაციის“ — ზოგიერთი თვითმფრინავიდან გამართული ნაწილების მოხსნისა და სხვა თვითმფრინავზე დამონტაჟების მიზნით.
რუსეთის მცდელობებს, შეექმნა თვითმფრინავების ნაწილების საკუთარი წარმოება, მნიშვნელოვანი შედეგი ჯერ კიდევ არ მოუტანია. ანალიტიკური კომპანიის Oliver Wyman-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის რუსული ავიაცია შეიძლება განახევრდეს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს მიანიჭა “წითელი ალამი” – როგორც, ფრენის უსაფრთხოების დაბალი დონის მაჩვენებელი, რომელიც, რუსეთის გარდა, მხოლოდ ბუტანს, ლიბერიას და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აქვთ.