დღეს ქვეყანაში უკიდურესად მძიმე პოლიტიკური გარემოა და ეს პოლიტიკური გარემო შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაუაზრებელი, უგუნური, არასახელმწიფოებრივი და მოსახლეობაზე არაორიენტირებული ნაბიჯებით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა რუსუდან თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან დათქმული რეკომენდაციები, რომელზეც ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ისაუბრა „წითელ ბარათამდე მიახლოებული ბარათია.“
„ქართული ოცნების“ წევრები პირდაპირი ტექსტებით ლანძღავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, სურთ გადაარჩინონ ამ ქვეყნის მოსახლეობა და ისევ და ისევ დაუბრუნონ დასავლური ორიენტაციის კალაპოტს. აქედან გამომდინარე, იმის მოლოდინი, რომ ამ ნაწილში რაიმეს შეცვლიან, არ მაქვს. სწორედ ამიტომ მათი სცენარის საუკეთესო ვარიანტია ის, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ და პოლიტიკურ ველზე, მარტო, მათსავე შერჩეულ სატელიტ პარტიებთან ერთად დავტოვოთ. რა თქმა უნდა, იმ ფურცელზე მოახერხებენ, რომ რამდენიმე პარტია ჩაწერონ და შექმნან ისეთივე ყალბი დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევნების სურათი, როგორიც მათი მშვიდობაა საშინაო თუ საგარეო ველზე“, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
გარდა ამისა, თევზაძემ ისაუბრა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ მისი სურვილი, თხოვნა და ადვოკატირება ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაისაჯოს.
„გიორგი გახარიას არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა ჰქონდა – მათ შორის, განსაკუთრებული შეხვედრა გახლდათ პოლონეთის საგარეო მინისტრთან.
ბატონი გიორგი გახარიას დამსახურებაც არის იმაში, რომ სადამსჯელო ღონისძიებები – სანქციები და ა.შ. სხვა ტიპის ტექნიკური კომპონენტები მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმეში „ბრალდებულ“ დამნაშავე პერსონებზე უნდა გავრცელდეს. პერსონებზე, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ იმაში, რომ ეს ქვეყანა გადაიყვანეს დასავლური რელსებიდან და რუსეთისკენ მივემართებით. მისი სურვილი, თხოვნა და ადვოკატირება ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაისაჯოს“, – აღნიშნა თევზაძემ.
წამყვანის კითხვაზე, რომელიც გიორგი გახარიას საქართველოში დაბრუნების საკითხს შეეხებოდა და არის თუ არა მზად პარტია, რომ შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებში ლიდერის ფიზიკურად საქართველოში ყოფნის გარეშე მოუწიოთ მონაწილეობა, თევზაძემ განმარტა, რომ იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, გიორგი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს.
„მე ვფიქრობ, რომ იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, გიორგი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს, რადგან ამ მომენტსა და შემდგომ პერიოდში, არჩევნების დასრულების ჩათვლით, უფრო მეტ სასიკეთო საქმეს გააკეთებს საგარეო კურსის შენარჩუნების ნაწილში, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის, მოსახლეობის დასავლური ვექტორის შენარჩუნების ნაწილში, ვიდრე ის ფიზიკურად ჩამოვიდეს. გასაგებია ემოციური „სენსები“, მაგრამ ახლა ამას ემოციურად არ უნდა შევხედოთ და ის დროა, რომ პრაგმატულად შევხედოთ და ორიენტირებული ვიყოთ შედეგზე“, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
