რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო ბიბლიოთეკა დაბომბეს | განადგურდა წიგნების კოლექცია

დღეს დილით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ხერსონში მდებარე რეგიონულ საბავშვო ბიბლიოთეკას. როგორც ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, განადგურდა წიგნების კოლექცია.
“საბავშვო ბიბლიოთეკა. დილის ექვსი საათი. ჭურვის პირდაპირი დარტყმა. ბარბაროსებმა გაანადგურეს ხერსონის წიგნების კოლექცია, რომელიც წლების განმავლობაში ახარებდა ყველაზე პატარა მნახველებს და მათ მშობლებს,” – წერს პროკუდინი Telegram-ზე და აღნიშნავს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე ინფორმაციით, გასულ 24 საათში რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 11, მათგან 2 ბავშვი იყო. ოკუპანტებმა ხერსონს 119-ჯერ შეუტიეს. მათ სამიზნეს დასახლებული პუნქტები წარმოადგენდნენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი იუწყება, რომ რუსების თავდასხმის შედეგად ხერსონში რამდენჯერმე გაჩნდა ხანძარი – დაიწვა საცხოვრებელი კორპუსი, მანქანა და დამხმარე შენობა.
“განმეორებითი დაბომბვის გამო მაშველებს რამდენჯერმე მოუწიათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე დაბრუნება, თუმცა ხანძრები ლიკვიდირებულია,” – ნათქვამია განცხადებაში.