კოკტებელის ნუდისტურ პლაჟზე, ნეპტუნის დღის აღსანიშნავად, ტურისტებმა ფლეშმობი მოაწყვეს, რამაც სოციალურ ქსელებში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ სრულიად შიშველი, მოხატული სხეულებით მამაკაცები და ქალები 8-10 წლის გოგონას გარშემო ცეკვავენ.
- საზოგადოების აღშფოთება განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ღონისძიებაში ბავშვი იყო ჩართული, რაც ბევრისთვის მიუღებელი და ამორალური აღმოჩნდა. ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და ყურადღება მიიპყრო როგორც მოქალაქეების, ისე სამართალდამცავების მხრიდან.
რუსეთის ფედერაციის ფეოდოსიის განყოფილებამ ინციდენტი ოფიციალურად დაარეგისტრირა და უკვე დაიწყო მუშაობა. პოლიცია ამჟამად მონაწილეთა იდენტიფიცირებას ახდენს და იკვლევს, მოხდა თუ არა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა.
ადგილობრივი იურისტი ამბობს, რომ რუსეთში პირდაპირი აკრძალვა სრულად შიშვლად ყოფნაზე საჯარო პლაჟზე არ არსებობს, თუმცა მსგავსი ქცევა შეიძლება შეფასდეს როგორც მცირე ხულიგნობა (მუხლი 20.1 ადმინისტრაციულ კოდექსში), რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და აშკარა უპატივცემულობას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში სასჯელი შეიძლება იყოს 500-დან 1000 რუბლამდე ჯარიმა ან 15-დღემდე ადმინისტრაციული დაკავება.
უფრო მკაცრი სანქციები – 30 000-დან 100 000 რუბლამდე ჯარიმა – შეიძლება დაეკისროთ მონაწილეებს, თუ მსგავსი შინაარსის ვიდეო ინტერნეტში განთავსდება და მისი შინაარსი საზოგადოებრივ მორალს და ადამიანის ღირსებას აზიანებს.
შემთხვევა მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ყირიმში, ფეოდოსიის მუნიციპალიტეტში მდებარე კოკტებელის ნუდისტურ პლაჟზე, სადაც ნეპტუნის დღე ტრადიციულად სხეულის მოხატვითა და ცეკვებით აღინიშნება. ამჯერად კი, ბავშვთან ერთად შესრულებულმა სცენამ რუსები აღაშფოთა.