რუსმა დეპუტატმა ალა პუგაჩოვაზე „დანოსი“ დაწერა

რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა ბიისულთან ხამზაევმა იუსტიციის მინისტრთან მომღერალი ალა პუგაჩოვა დაასმინა ანუ სამინისტროში „დანოსი“ შეიტანა.
დეპუტატი სამინისტროსგან ითხოვს, რომ გამოიკვლიოს მომღერალ ალა პუგაჩოვას გამონათქვამები და მიაქციოს ყურადღება მათში „ექსტრემისტული საქმიანობის ნიშნებს“. მისი მიმართვის ასლი ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა გამოაქვეყნა.
დეპუტატის „დანოსში“ ნათქვამია, რომ ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში „უთხარი გორდეევას“, რომელიც იუთუბ-არხით გადაიცემა, მომღერალმა ჩეჩნეთის პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი [რომელსაც დეპუტატი „ტერორისტად“ მოიხსენიებს, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას კი ტერორისტულ ორგანიზაციად], დაახასიათა, როგორც „ღირსეული, მოწესრიგებული, ინტელიგენტი და ლამაზი ადამიანი“. მეტიც, წუხილი გამოთქვა, რომ ვერ მოახერხა მისი სიცოცხლის გადარჩენა.
ხამზაევი თვლის, რომ პუგაჩოვას ეს სიტყვები შესაძლოა შეიცავდეს „ექსტრემისტული და ტერორისტული საქმიანობის გამართლებას“. ის ითხოვს, რომ სამინისტრომ გამოიძიოს პუგაჩოვას მხრიდან „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევა. იუსტიციის სამინისტროს არ გამოუცხადებია ალა პუგაჩოვა „აგენტად“, თუმცა ეს იარლიყი მიკერებული აქვთ ჟურნალისტ კატერინა გორდეევასთვის, რომელსაც ალა პუგაჩოვამ მისცა ინტერვიუ. ში ომის დაწყების შემდეგ “აგენტის” სტატუსი ალა პუგაჩოვას ქმარს, მაქსიმ გალკინსაც მიაკერეს. ამ უკანასკნელმა დაგმო უკრაინაში წარმოებული ომი.
კატერინა გორდეევას არხზე ალა პუგაჩოვას ეს სამსაათიანი ინტერვიუ 10 სექტემბერს გამოქვეყნდა და რუსულენოვან საზოგადოებაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ორი კვირის თავზე ვიდეოს 23 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
პუგაჩოვას სიტყვებზე ჯოხარ დუდაევის შესახებ რეაქცია ჰქონდა რამზან კადიროვსაც, რომელმაც მომღერალს ხალხის მტერი, გამყიდველი უწოდა და იქვე მოუწოდა, ჩეჩნების პროვოცირებას შეეშვას. სარჩელით მიმართა სასამართლოს ადვოკატმა ალექსანდრე ტრეშჩევმა, რომელიც რუსული პროპაგანდისტული ტელეარხების რეგულარული სტუმარია. ტრეშჩევის საჩივრის საფუძველი გახდა პუგაჩოვას მხრიდან „სამხედრო ვეტერანების შეურაცხყოფა“, რის საკომპენსაციოდაც ის პუგაჩოვასგან 1.5 მილიარდი რუბლის გადახდას ითხოვს. რუსულ სასამართლოს საჩივარი წარმოებაში ჯერ არ მიუღია.