რუსი ულტრანაციონალისტი დიომუშკინი ამბობს, რომ თბილისის აეროპორტიდან რუსეთში დაადეპორტეს

დმიტრი დიომუშკინი
წარსულში “რუსული მარშების” ორგანიზატორი ულტრანაციონალისტი, დმიტრი დიომუშკინი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ საქართველოდან, თბილისის აეროპორტიდან რუსეთში დაადეპორტეს.
დიომუშკინის თქმით, ის თბილისის აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლის დროს დააკავეს. როგორც ულტრანაციონალისტი ამბობს, ის საქართველოში “საქმეებზე” ჩამოვიდა და დაჯავშნილი ჰქონდა სასტუმრო. როგორც იგი თავად ირწმუნება, დაკავების მიზეზის რუსულად ახსნაზე უარი უთხრეს. “საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანა არაა”. – დაწერა დიომუშკინმა.
უცნობია თუ რომელი რეისით ჩამოფრინდა დიომუშკინი თბილისში. ტაბულა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამის შემდეგ დიომუშკინმა დაწერა: “საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიაზე ჩემი ყოფნა არ სურს. მადეპორტებენ რუსეთში. დოკუმენტებს არ მაძლევენ”.
“საბოლოო ჯამში, საქმე გაფუჭდა, ბილეთები, სასტუმრო და რესტორანი ხარჯებში შევიდა, მაგრამ მთავარი შეკითხვა დარჩა:
1. ეს რუტინული ქართული რუსოფობიის აქტია, მეც ს ფედერაციის ქმედებებისთვის დამნაშავედ ჩამთვალეს?
2. თუ ეს ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობაა, თავი მოაწონონ მოსკოვს? იმ იმედით, რომ ვინმეს ასიამოვნონ”. – წერს რუსი ულტრანაციონალისტი.
დიომუშკინის თქმით, ის პასუხების გაგებას შეეცდება და “ქართველ ხალხთან პრეტენზია არ აქვს”.
მოსკოვის სასამართლომ 23 ნოემბერს დიომუშკინის წინააღმდეგ “შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის” ორი ადმინისტრაციული საქმე დაარეგისტრირა. ამ მუხლის ფარგლებში დადანაშაულებულს ჯარიმის სახით 100 000 რუბლამდე გადახდა ეკისრება.
დმიტრი დიომუშკინი ირწმუნება, რომ აქამდე დსთ-ს ყოფილ ქვეყნებში სამჯერ უფრენია და მსგავსი პრობლემები არც ცენტრალურ აზიაში და არც სამხრეთ კავკასიაში შექმნია. მისივე თქმით, ის საქართველოში პირველად ჩამოვიდა.
დიომუშკინი ირწმუნება, რომ მას მისცეს დოკუმენტი, რომელზე ხელის მოწერაზე უარი თქვა, თუმცა, ულტრანაციონალისტის მტკიცებით, პოლიციელებმა ხელი თავად მოაწერეს.
“სიტყვიერად მითხრეს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს მიხილონ ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა დეპორტაციის დოკუმენტებში მიზეზად ამის მითითება არ მოისურვეს, მაგრამ მითხრეს, რომ შემიძლია საჩივარი ათი დღის განმავლობაში შევიტანო. როგორ და რანაირად, ამის ახსნაც არავინ მოინდომა”. – წერს ულტრანაციონალისტი.
როგორც დიომუშკინმა დაახლოებით 00:00-ზე დაწერა, ის უკვე ვნუკოვოს აეროპორტში იყო დაკავებული.
“ერთიდან მეორეს ხელში აღმოვჩნდი. კაბინეტებში დამატარებენ”. – დაწერა ულტრანაციონალისტმა.
დიომუშკინმა გამოაქვეყნა საქართველოდან მისი დეპორტაციის დოკუმენტიც. როგორც ფოტოში ჩანს, მიზეზად მონიშნულია: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.
მასალა განახლებადია