რუსი ომის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერები ტელეგრამ-არხებზე ირწმუნებიან, რომ გასულ დღეებში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 არა უკრაინამ, არამედ რუსეთისვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო.
ტელეგრამ-არხი Fightbomber-ი, რომელსაც, აღწერის მიხედვით, რუსეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელი-ბომბდამშენის პენსიაში გასული პილოტი მართავს და 400 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, წერს, რომ А-50 უკრაინელებს არ ჩამოუგდიათ.
Fightbomber-ი იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო კომისია “ტრაგედიაში უშუალო დამნაშავეებს” დასჯის. მისი მტკიცებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულია 11, სხვა ვერსიით, 12 სამხედრო პილოტი.
Fighbomber-ი გასულ დღეს პირდაპირ ეთერში ესაუბრა კიდევ ერთ რუს სამხედრო ბლოგერს, ალექსანდრ არუთიუნოვს, რომელიც ტელეგრამზე Razvedos-ის ზედმეტსახელითაა ცნობილი. საუბრის დროს ორივე პირი ირწმუნებოდა, რომ А-50-ი უკრაინელებს არ ჩამოუგდიათ, რადგან, მათი მტკიცებით, არ დაფიქსირებულა მოწინააღმდეგის მიერ საბრძოლო მასალის საჰაერო სამიზნეების მიმართულებით გაშვება.
ვარაუდი, რომ А-50 რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო, გამოთქვეს ტელეგრამ-არხ Осведомитель-ზეც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის ჩამოვარდნა ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
რუსეთის ჰსთ-ს საკუთარი თვითმფრინავები წარსულშიც ჩამოუგდია.
15 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ აზოვის ზღვის თავზე უკრაინელებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს და საჰაერო მართვის ფუნქციის მქონე თვითმფრინავი Ил-22М დააზიანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა А-50 ჩამოაგდეს. მისი მტკიცებით, ეს საჰაერო ძალების დაგეგმილი და შესრულებული ოპერაცია იყო.
А-50-ის ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.
თავდაპირველად ზალუჟნი წერდა Ил-22М-ის განადგურების შესახებაც, თუმცა მედიაში თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავი ანაპის აეროპორტში დაჯდა. გავრცელდა აეროპორტში დამჯდარი თვითმფრინავის დაზიანებების ფოტოც. შემდეგში უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა დაადასტურა, რომ დაზიანებულმა Ил-22-მა აეროპორტში დაშვება შეძლო.
რა საშუალებით ჩამოაგდეს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი და რამ გამოიწვია მფრინავი სამეთაურო პუნქტის დაზიანება ჯერჯერობით უცნობია. რუსული ჰსთ-ს მიერ საკუთარი ობიექტების ჩამოგდება ერთ-ერთი ვერსია იყო, რომელიც თავდაპირველად გავრცელდა.
უკრაინული მედია Суспiльне-ს ცნობით, თვითმფრინავები ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ. BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ რუსული С-400-ის ჰსთ სისტემები ამ რადიუსზე სამიზნის განადგურებას შეძლებდნენ, თუმცა დაშვება, რომ სისტემის ოპერატორებს Ил-22М და განსაკუთრებით А-50 უკრაინულ თვითმფრინავებში აერიათ, რთულია.
ერთ-ერთი გავრცელებული თეორიის მიხედვით, რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ამერიკული Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ სისტემის მხოლოდ სამი ბატარეა აქვთ. მიიჩნეოდა, რომ უკრაინაში ეს სისტემები შეიარაღებულია PAC-3-ის ტიპის რაკეტებით, რადგან ისინი ეფექტიანად მუშაობდნენ რუსული ბალისტიკური რაკეტების, მათ შორის ჰიპერბგერითი კინჟალის წინააღმდეგ. თუმვა, ამ საბრძოლო მასალის რადიუსი მხოლოდ 40 კილომეტრია და სიმაღლე 20 კილომეტრი. უფრო დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია PAC-2-ის ტიპის რაკეტას – 160 კმ. რადიუსი და 25 კმ. სიმაღლე. უკრაინის შეიარაღებაში არსებული დანარჩენი სისტემები ამ სიმაღლესა და მანძილზე მოქმედებას ვერ შეძლებდნენ. მეტიც, PAC-2-ის რაკეტების გამოყენების შემთხვევაშიც კი, საჭირო იქნებოდა Patriot-ის ფრონტის ხაზის მახლობლად განთავსება, რაც ძვირადღირებულ კომპლექსს დიდი საფრთხეს შეუქმნიდა.
BBC-ის რუსული სამსახური აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინამ შეძლო С-200-ის ტიპის ჩამოწერილი საბჭოთა საზენიტო რაკეტების მოდერნიზაცია და მათი მიწაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენება. თუ უკრაინელები ამ რაკეტების ბრძოლისუნარიანობის აღდგენას შეძლებდნენ, მათი რადიუსი 600 კილომეტრს დაფარავდა. მართალია ეს რაკეტა ძალიან მოძველებულია და თანამედროვეებთან შედარებით ნაკლები სიზუსტის მქონეა, თუმცა А-50-ის მსგავსი სამიზნის ჩამოგდება არ გაუჭირდებოდა, რადგან ეს თვითმფრინავი ძალიან დიდი და არამანევრირებადია.
სოციალურ ქსელებში საუბრობდნენ კიდევ ერთ ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც უკრაინის ავიაგამანადგურებლებს შესაძლოა დიდი რადიუსის საჰაერო რაკეტები გამოეყენებინათ, თუმცა МиГ-29-ებისა და Су-27-ებისთვის მსგავსი საბრძოლო მასალა არ გააჩნიათ, ამერიკული F-16-ები კი ჯერ არ მიუღიათ.