რუსი სამხედროები ხუთი პატიმრის მკვლელობაში დაადანაშაულეს

მიმდინარე წლის დასაწყისში რუსმა სამხედროებმა ხუთი დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს, – ამის შესახებ უკრაინული ანალიტიკური პორტალი Deep State და დონეცკის საოლქო პროკურატურა იუწყებიან.
საუბარია ორ შემთხვევაზე, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების სხვადასხვა ადგილზე მოხდა: სოფელ ნესკუჩნოესა და დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელ ვრემევკაში.
Deep State-ის მონაცემების თანახმად, რაც უპილოტო დრონით გადაღებული ფოტოებითაც დასტურდება, “3 იანვარს ნესკუჩნოეს რაიონში რუსი სამხედროები ატარებდნენ უკრაინის 141-ე ქვეითი ბრიგადის გამაგრებული პოზიციების შტურმს, რა დროსაც სამი უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, მათ შეუკრეს ხელები, გამოიყვანეს პოზიციის წინ და კეფაში სროლით დახოცეს”.
იმავე დღეს, პროკურატურის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების შტურმის დროს, ვრემევკის რაიონში რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ორი უკრაინელი სამხედრო და ავტომატები ლულის ქვეშ ბლინდაჟიდან ამოიყვანეს”. ამის შემდეგ ჯარისკაცები პირდაპირ დამიზნებით სროლით დახვრიტეს.
უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ მან კიდევ ერთხელ მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს. “ამ ორგანიზაციებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა რუსულ მხარეზე, რომ შეაჩეროს ასეთი ქმედებები”, – განმარტა მან.

მანამდე ლუბენეცმა თქვა, რომ 2024 წელს რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი პატიმრების მკვლელობის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა ომის წინა ორ წელთან შედარებით.