ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავლენ და ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან რუსი სპეციალისტები. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა.
„უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა ხანძრიდან, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა“, – დაწერა მან ტელეგრამის არხში.
ლუბიმოვამ მომხდარს უწოდა „ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა აფხაზეთისთვის“.
„აფხაზეთის მხატვართა კავშირის“ შენობის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი, რის შედეგადაც „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა, კვირას ღამით გაჩნდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი.
· აფხაზეთის ეროვნული გალერეა შეიქმნა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე. მის დაარსებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოხუმის მკვიდრმა, ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, ექიმმა იეზეკიელ ფიშკოვმა, რომელმაც გალერეას სახლი და 60 ტილო შესწირა.
· 1964 წლის 17 მარტს, როცა გალერეა გაიხსნა, დაწესებულებას თავისი ნამუშევრები გადასცეს მხატვრებმა მ. ეშბამ, ო. ბრენდელმა, ი. ცომაიამ, ი. ივანბამ და სხვ. თავდაპირველად გამოიფინა 100 ნახატი და 20 სკულპტურა. დროთა განმავლობაში კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და გამდიდრდა.
· გალერეის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1985 წლის 17 მარტს, როცა ექსპოზიცია გადავიდა ახალ მისამართზე, ლაკობას 17-ში. ამავე დღეს აფხაზეთში გადაასვენეს ცნობილი აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნეშტი.
· აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილებით, გალერეას გამოუყვეს ახალი შენობა – პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალთა გიმნაზიის სახით, თუმცა ფინანსური სახსრების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა შენობის სათანადო მდგომარეობაში მოყვანა.