რუსიმა ოპოზიციონერი აქტივისტი ილია იაშინი, რომელიც ამჟამად რუსეთში პატიმრობაში იმყოფება ომის გაპროტესტების გამო, ღია წერილს ავრცელებს, სადაც რუსეთში მოქმედ „უცხოეთის აგენტებზე“ კანონზე საუბრობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაინება.
იაშინი იხსენებს, თუ როგორ დაიწყო აღნიშნული ცვლილებების განხილვა რუსეთში და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან წლების განმავლობაში.
ილია იაშინის წერილს „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ:
„უცხოური გავლენის აგენტების” კანონის პირველი რედაქცია სახელმწიფო დუმამ 12 წლის წინ მიიღო. რუსეთში ამას მასობრივი პროტესტი არ გამოუწვევია, როგორსაც მაგალითად საქართველოში ვადევნებდით თვალს, სადაც ათი ათასობით ადამიანს პირდაპირი მნიშვნელობით ალყაში ჰქონდა მოქცეული საქართველოს პარლამენტი.
საქმე ისაა, რომ პირველ რიგში, ქართველებს უკვე ჰქონდათ ნანახი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს მსგავსი კანონები და არ სურთ საზოგადოების გაყოფა მეგობრებად და მტრებად. ამასთან, თავდაპირველად რუსები დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს კანონი ყოვლად უსაფრთხო იყო და არავის უფლებებს არ შეზღუდავდა. ბევრისთვის ეს გამოიყურებოდა როგორც ფორმალური დეკლარაცია, რომელიც რეალურ საფრთხეს არ ატარებდა.
მახსოვს 2012 წელს რადიოს ეთერში დებატებში მივიღე მონაწილეობა კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორთან, მისი მშვიდი ტონი გამაოგნებელი იყო. რუსეთის მმართველი პარტია იფიცებოდა, რომ არავინ გეგმავდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვანი თავისუფლებაა და ამას არაფერი ემუქრება. ამბობდა, რომ ეს კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის დასალაგებლად იყო საჭირო.
მახსოვს, აუდიტორიას ვუხსნიდი, რომ ეს კანონი ბერკეტია განსხვავებულ აზრთან საბრძოლველად და ყოველი ახალი შესწორების შემდეგ ის მზარდად შეზღუდავდა მოქალაქეების უფლებებს და დააშინებდა მათ, ვინც გაბედავდა მთავრობის კრიტიკას, საბოლოოდ კი მივიღებდით ტირანიის ლეგალიზებას და ბევრი ადამიანი საკუთარი ქვეყნიდან განდევნილი აღმოჩნდებოდა.
სამწუხაროდ, დრომ ჩემი შიშები დაადასტურა. დღესდღეობით ასობით ჩვენი თანამოქალაქე უცხოური აგენტების რეესტრშია შეყვანილი სრულად გამოგონილი მიზეზებით — სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ერთი ხელის მოსმით, იუსტიციის სამინისტროს ანონიმური კლერკების მიერ. ამ ადამიანებს ეკრძალებათ ყველაფერი, ისინი ვერაფერს ასწავლიან, ვერაფრის რეკლამირებას მოახდენენ, მათი წიგნების კონფისკაცია ხდება მაღაზიებიდან და ბიბლიოთეკებიდან, მათი სახელები კი წაშლილია თეატრების აფიშებიდან.
ისინი ვალდებული არიან ყველა საჯარო გამოსვლა ღირსების შემლახველი და სტიგმის შემცველი იარლიყით გამართონ, ასახონ სუპერმარკეტში საჭმლის საყიდლად დახარჯული ყველა კაპიკი. ახლა კი პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ახალ ცვლილებას, რომელიც სრულად უკრძალავს „უცხოეთის აგენტს“ ნებისმიერი დონის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.
რა ხდება? პუტინს, რომელსაც სრული კონტროლი აქვს იუსტიციის სამინისტროზე, შეუძლია მისი ნებისმიერი ოპონენტი „უცხოელ აგენტად“ შერაცხოს და ჩამოართვას არჩევნებში ლეგალური მონაწილეობის უფლება. ძალიან კომფორტულად. გამოჩნდება იმედისმომცემი კანდიდატი და თვალის დახამხამებაში ის „უცხოეთის აგენტია“, რომელსაც არ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა — მკვლელობაც კი აღარაა საჭირო.
ამგვარი კანონმდებლობის ცინიზმი კი იმაშია, რომ პუტინის პროპაგანდა გამუდმებით უსვამს ხაზს, რომ „უცხოეთის აგენტებს“ საზოგადოებაზე მიზერული გავლენა აქვთ, მაგრამ ამავდროულად, მათ არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს — ცხადია, რომ კონკურენციის ეშინია. ესაა ამ კანონის ამოსავალი, ის იმისთვის შეიქმნა რომ შეუნარჩუნოს პუტინს ძალაუფლება, ხელოვნურად გააქროს ნებისმიერი კონკურენტი,“ — წერს ილია იაშინი ციხიდან გავრცელებულ წერილში.
დაიბადა 1983 წლის 29 ივნისს. დაამთავრა საერთაშორისო დამოუკიდებელი ეკოლოგიურ-პოლიტოლოგიური უნივერსიტეტი. 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში.
მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციაში – 2004 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] შენობასთან გამოვიდა ბანერით „ძირს პოლიციის თვითმპყრობელობა“. დაკავებული იყო მინსკშიც, ჩერნობილის ავარიისადმი მიძღვნილ მარშზე. 2006 წელს მიიღო მონაწილეობა კრემლთან მდებარე ხიდზე დიდი ბანერის გაშლაში, წარწერით: „ნაძირლებო, ხალხს არჩევნები დაუბრუნეთ“. მომდევნო წელს მონაწილეობდა პუტინის საწინააღმდეგო მარშების ორგანიზებაში.
იმავე პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა ბორის ნემცოვთან, რომელიც 2015 წლის თებერვალში კრემლთან მოკლეს. 2011-12 წლებში მონაწილეობდა პუტინის რუსეთის დროის ყველაზე მასშტაბურ აქციებში, რომლებიც სახელმწიფო დუმის არჩევნების გაყალბების გამო დაიწყო. 2012 წელსვე აირჩიეს რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრად.
2017 წელს იაშინი მოსკოვის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეც გახდა. 2019 წელს ცდილობდა მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა რუსეთის ცესკომ უარი უთხრა რეგისტრაციაზე. იმავე წელს გამართულ საპროტესტო აქციებზე არაერთხელ იყო დაკავებული.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ოპოზიციური აქტივობის მზარდი ჩახშობის ფონზე, იაშინმა რუსეთი არ დატოვა და აგრძელებდა საჯარო და კრიტიკული განცხადებების გაკეთებას. 2022 წლის 13 ივლისს მას ბრალი დასდეს „პოლიტიკური ზიზღის მოტივით რუსულ არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ იაშინს ბრალი წარედგინა უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის ჯარის მიერ მოწყობილი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტვაზე განცხადებების გამო.
2022 წლის დეკემბერში მოსკოვის მეშანსკის სასამართლომ იაშინს 8.5 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
„ვხედავ პროკურორ ბელოვის მოკანკალე ხელებს. მახსენდება, როგორ უკანკალებდათ ხელები გკჩპ-ს [1991 წელს შექმნილი კომიტეტი, რომლის წევრებსაც ძველი, საბჭოთა წყობის შენარჩუნება სურდათ] წევრებს. ყველას კარგად ახსოვს, რითი დამთავრდა ეგ 30 წლის წინ“, – განაცხადა იაშინმა სასამართლოზე.