რუსი მოხალისეების განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ტერიტორია 8 000-მდე ავტომობილმა დატოვა

ლეგიონი „ს თავისუფლება“, ქვედანაყოფი, რომელიც უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსი სამხედრო ტყვეებისა და მოხალისეებისგან შედგება და რუსული ჯარების წინააღმდეგ იბრძვის, აცხადებს, რომ ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მცხოვრებლებმა საშიში ტერიტორიებიდან ევაკუაცია დაიწყეს და ღამით ოლქები 7.6 ათასმა ავტომობილმა დატოვა.
„რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოცხადებული ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების შემდეგ, მოსკოვის დროით 07:00 საათისთვის, ამ დერეფნით ბელგოროდისა და ბელგოროდის ოლქის მაცხოვრებლების 7000-ზე მეტმა სამოქალაქო ავტომობილმა ისარგებლა, ევაკუაციის დერეფანი ქალაქ კურსკიდან 600-ზე მეტმა სამოქალაქო ავტომობილმა გამოიყენა“, – განაცხადეს რუსმა მოხალისეებმა.
მანამდე, რუსმა მებრძოლებმა კურსკისა და ბელგოროდის ოლქების მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდეს, „აღნიშნული ოლქების ტერიტორიაზე დაგეგმილი შეზღუდული სამხედრო ოპერაციის გამო“. ამ მიზნით მათ 14 მარტის 21:00 საათიდან 15 მარტის 7:00 საათამდე ჰუმანიტარული დერეფნის ფუნქციონირება გამოაცხადეს.
„ჰუმანიტარული დერეფნის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში სამხედრო ობიექტების განადგურება გაგრძელდება მანამ, სანამ რეგიონი სრულად არ გათავისუფლდება პუტინის რეჟიმის ჯარებისგან“, – განაცხადეს მოხალისეებმა.

ასევე დაგაინტერესებთ