რუსი მოფარიკავე და მოქმედი სამხედრო სოფია ველიკაია საქართველოში, თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინელმა მეტოქემ ბატასკოვა იულიამ დაამარცხა.
სახელგანთქმული მოფარიკავე მაიორის წოდებით მეორე რაუნდში დამარცხდა, მინიმალური ანგარიშით – 14:15.
„დღეს თბილისში, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თითქოს ერთი შეხედვით, უბრალოდ სპორტული ორთაბრძოლა შედგა. მაგრამ ნახევარი საათის წინ, ხმლის ერთი მოქნევით, მოხდა რაღაც მეტიც – ძალადობის წინააღმდეგ თქმული ხმა გაისმა.
უკრაინელმა სპორტსმენმა, ბაკასტოვა იულიამ დაამარცხა სოფია ველიკაია — რუსეთის არმიის მაიორი, ქალი, რომელმაც არაერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი პუტინის რეჟიმს.
ეს გამარჯვება იყო წუთიერი, მაგრამ ნათელი პასუხი უსამართლობაზე. ეს იყო გამარჯვება მათთვის, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სიცოცხლისთვის”, – დაწერა მაყურებელმა ანა კვარცხავამ და სოციალურ ქსელში უკრაინელი სპორტსმენის გამარჯვების ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
40 წლის სოფია ველიკაია საქართველოში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის თარიღების დაანონსებისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში.
რატომ? – ის რიგითი სპორტსმენი არაა. ველიკაია ЦСКА-ს წარმომადგენელი, სახელგანთქმული მოფარიკავე – არაერთგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია – მაიორის სამხედრო წოდებით. ის მოქმედი სამხედროა და, ფაქტობრივად, ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში – ეხმარება რუს სამხედროებს.
სოფია ველიკაია პრეზიდენტმა პუტინმა 2016 წელს დააჯილდოვა პირველი ხარისხის მედლით – “სამხედრო სიმამაცისთვის”, 2018 წელს – პუტინის საარჩევნო კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, ხოლო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილი გახდა.
„ვლადიმირ ვლადიმირის ძეს [პუტინს] უკავშირდება ჩემი მთელი სპორტული წლები… ვიდრე ის მართავდა ქვეყანას, მე ჩემს სპორტულ სიმაღლეებს ვიპყრობდი“, – ამბობდა ველიკაია რუსეთის პრეზიდენტზე.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო [22-30 ივლისს] პირველად მასპინძლობს. თბილისში 158 ქვეყნის 1800-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა, მათ შორის – რუსეთიდან. რუს მოფარიკავეებს, წლების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურად ასპარეზობის უფლება პირველად სწორედ თბილისში ეძლევათ.
ფორუმი
