რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვი ეხმაურება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის ვიზიტს საქართველოში და მის მისვლას აქციაზე, რასაც „სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას“ უწოდებს.
„ეს „მხარდაჭერა“ არ არის. ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. როგორ შეიძლება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ იცოდეს, რომ მინისტრს არ შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტის მსგავსად მოიქცეს“? – წერს მიხაილ ულიანოვი პლატფორმა X-ზე და ვალტონენის მიმართვას აზიარებს აქციიდან.
ვალტონენი შიდა საქმეებში ჩარევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც დაადანაშაულეს:
„ძალიან კარგია და მადლობელი ვართ რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა ჩაერიო ამ ქვეყნის საქმეებში, არ უნდა დაიჭირო ამ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური რომელიმე პარტიის პოზიცია და როგორც მინიმუმ, უნდა გაემიჯნო ძალადობას, თუ ამის დაგმობის თავი არ გაქვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა საპარლამენტო ლიდერმა, ნიკოლოზ სამხარაძემ 15 ოქტომბერს.
14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია.
14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, – რაც გასული წლის 28 ნოემბრიდან იმართება.
ამის გამო საგარეო უწყებამ ეუთოში შემავალ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართა. სამინისტრო ელინა ვალტონენს აკრიტიკებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლისთვის.
16 ოქტომბერსვე ცნობილი გახდა, რომ აქციაზე ყოფნის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 5000 ლარით დააჯარიმა – მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“.
15 ოქტომბერს კობახიძის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ფინური გამოცემის, Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მასპინძელ მხარეს.
Helsingin Sanomat-ს ელინა ვალტონენმა სატელეფონო კომენტარში განუმარტა, რომ მისი „შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან გაუქმდა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით, განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინა ღამით ეცნობათ“.
16 ოქტომბერს X-ზე პოსტში კი ვალტონენმა დაწერა: „ბოდიშს გიხდით, რომ დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი [ირაკლი კობახიძის და მისი] შეხვედრის გაუქმება მომიწია”. მან კობახიძე ჰელსინკიში მიიწვია:
„როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლისთავზე, გეპატიჟებით ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას“, – მიმართა მან ირაკლი კობახიძეს.
