რუსი დეპუტატი – სომხეთის ОДКБ-დან გამოსვლა გავლენას არა ორგანიზაციის, არამედ სომხეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე მოახდენს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლის შესახებ შესაძლო გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს არა ორგანიზაციის თავდაცვით შესაძლებლობებზე, არამედ მხოლოდ სომხეთის თავდაცვის შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ ს სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა.
„ეს აისახება მხოლოდ სომხეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე და სხვა არაფერზე. რა თქმა უნდა, ეს სომხური მხარის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებას მიიღებს სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, რომელიც არ ხელმძღვანელობს სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის ტრაგედია“, – განაცხადა კარტაპოლოვმა.
დეპუტატის თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს არა სომხეთის ხელმძღვანელობაში, არამედ სომეხ ხალხში.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დატოვებს.
„დამნაშავეები ისინი არიან, ვინც მოჩვენებითი ალიანსი შეკრეს, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს არა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება, არამედ წავიდნენ და აზერბაიჯანთან ჩვენს წინააღმდეგ ომი დაგეგმეს. გამოვალთ [ОДКБ-დან], ამით გვაშინებთ? გავაკეთებთ ამას, ჩვენ გადავწყვეტთ როდის გამოვალთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ