“რუსთავში გაცილებით მეტი ახალი მშენებლობაა, ვიდრე სხვა მსგავსი ტიპის ქალაქში” – “არსი”

დეველოპერების ძირითადი სამიზნე ბაზრები ბოლო წლებია თბილისი და ა. პროექტები ხორციელდება ტურისტულ ზონებშიც, თუმცა იმ მასშტაბით არა, როგორც ეს დედაქალაქშია.
კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ თბილისში დეველოპმენტისთვის შესაფერის მიწებს აქტიურად ითვისებენ, შესაბამისად, სამშენებლოდ ვაკანტური ადგილები მცირდება, რაც ბიზნესს უბიძგებს მოიძიოს ადგილები ქალაქთან ახლოს, რომელზეც მოთხოვნა მზარდია.
ბესო ორთოიძის თქმით, ასეთი ბაზარი შეიძლება იყოს მაგალითად რუსთავი, სადაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ბოლო წლებში გააქტიურდა, ამის საფუძველზე კი კომპანია “არსიმ” შესაბამისი მიწის მოძიებაც დაიწყო.
“ჩვენი ხედვიდან გამომდინარე ვცდილობთ, დიდი მიწის ნაკვეთები განვავითაროთ და დაბალსართულიანი სახლები ავაშენოთ. შესაბამისად, ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი იყო ე.წ ბრაუნფილდები, რაც მრავლად იყო თბილისში, თუმცა მცირდება. ეს არის ტერიტორიები, სადაც ადრე საბჭოთა კავშირის დროს იყო ქარხნები, დღეს უმოქმედოდ იყო დარჩენილი და ისედაც ქალაქისთვის ყველაზე ცუდი შესახედი ადგილებია, რომლის განვითარებას და ამ ადგილებზე საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარებას ვეწევით. ეს ადგილები, რა თქმა უნდა, არ არის ბევრი და ამოწურვადია, ისევე როგორც სხვა მიწის ნაკვეთები, სადაც დეველოპმენტი ვითარდება.
საქართველოში ისე მოხდა, რომ ძირითადად ორ ქალაქზე გადანაწილდა დეველოპმენტი, თუ ამას გადავანაწილებთ ყველა დიდ ქალაქზე, მაშინ ბევრად უკეთეს სიტუაციას მივიღებთ, რაც რუსთავის შემთხვევაში ცალსახად შეიმჩნევა, იმიტომ რომ გააქტიურება არის. ჩვენ კვლევა გვაქვს ჩატარებული და იქ გაცილებით მეტი ახალი მშენებლობაა, ვიდრე სხვა მსგავსი ტიპის ქალაქში”, – განაცხადა კომპანია “არსის” გენერალურმა დირექტორმა.
ბესო ორთოიძის თქმით, “არსი” უკვე შეხვდა რუსთავის მერიის წარმომადგენლებს და დააფიქსირა სურვილი, რომ პროექტისთვის ეძებენ მიწის ნაკვეთს.

ასევე დაგაინტერესებთ