„რუსთავსა და თბილისს შორის ლანდშაფტური ზღვარი არ უნდა წაიშალოს“ – გენგეგმის ავტორი 6 მლრდ-იან ინვესტიციაზე (bm.ge)

თბილისის გენგეგმის თანაავტორი, მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ არსებული სივრცის განაშენიანება შესაძლებელია, თუმცა ქალაქებს შორს არსებული ლანდშაფტური ზღვარი არ უნდა წაიშალოს. გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას სალუქვაძემ მსგავსი მასშტაბური პროექტის შექმნისას გენგეგმის ავტორების რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ტყე-პარკის გარდა იქ არის ფონიჭალისკენ ტერიტორია, რომლის ათვისებაც შეიძლება და კარგიც იქნება. საკმაოდ აბურდული ტერიტორიაა, ნაგავსაყრელიც არის და ბევრი სხვა რამ, ამიტომ მისი მოწესრიგება შეიძლება. თუმცა, ჩვენ თბილისსა და რუსთავს შორის სპეციალურად მოვნიშნეთ ლანდშაფტური ტერიტორია, ჩვენი ამოცანა იყო, რომ ეს განვითარება შეზღუდულიყო, არ არის კარგი რომ ქალაქებს შორის ეს ზღვარი წაიშალოს.
გეგმარებაზე ვერაფერს ვიტყვი, რატომ ასე და რატომ სხვანაირად არა, რატომ იქ ტბა და სხვაგან არა, ამას ყველაფერს სჭირდება ზუსტი ინფორმაცია და დავალება უბრალოდ მხოლოდ ერთს ვიტყვი – დაგველაპარაკონ.
როდესაც ასეთ ინვესტიციებზეა საუბარი ორ ქალაქში, რომლის გენნგეგმაზე მუშაობდა კომპანია მოვიდნენ და დაგველაპარაკონ. როგორი კომპანიაც არ უნდა იყოს ჩვენზე უკეთესად ვერ ეცოდინებათ ეს ტერიტორიები. ჩვენ არაფერს ვითხოვთ გარდა იმისა, რომ ჩვენ გვექნება კონსულტაციები. სწორ ადგილებს მივუთითებთ სადაც არც გარემო დაზიანდება და ინვესტიციებსაც ექნება თავისი აზრი.
Eagle Hills-ის მიერ გამოქვეყნებული რენდერებიდან გაირკვა, რომ მილიარდიანი ინვესტიცია რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ სა და აღთაკლიაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე უნდა განახორციელოს. ტერიტორია იმ მიწას მოიცავს, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება. ის სახელმწიფო საკუთრებაშია, მის განმკარგავად კი სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოა მითითებული. ტყე-პარკს დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ვერ შეაფერხებს.
აღნიშნული ინფორმაცია მწვავე კრიტიკის საგანი გახდა გარემოს დამცველების მხრიდან. სენის დირექტორის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას საგანგაშოდ აფასებს და ამბობს, რომ თუკი რეკრეაციულ ზონაში მშენებლობა მართლა დაიწყება, ამით ქვეყანა იმ ბიო მრავალფეროვან კუნძულს გაანადგურებს, რომლის შექმნისთვისაც ბოლო წლებში მილიონობით ლარი დაიხარჯა.
პროექტის რეალურად განხორციელების შემთხვევაში ქალაქის დანაკარგებზე საუბრობენ “ურბანული განვითარების ინსტიტუტში.“ ანი ბიბილაშვილი ამბობს, რომ ტყეში მშენებლობის დაწყება ვერცერთ სცენარში ვერ უპასუხებს გარემოს დაცვით გამოწვევებს და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს თემა დამატებითი კრიზისის შექმნის საფუძველი არ გახდება.
წყარო: bm.ge