“რუსთავმა” თბილისში ზესტაფონის “მარგვეთს” მოუგო

სუპერლიგის მე-5 ტური სრულდება. ბოლოსწინა შეხვედრაში ზესტაფონის “მარგვეთმა” “რუსთავი 1991”-ს უმასპინძლა და ისე დამარცხდა, წარმატების შანსი არ ჰქონია. ზესტაფონის გუნდი სტუმრებს ისევ თბილისში მასპინძლობს, თუმცა, როგორც დაგეგმილია, მეორე წრიდან “მარგვეთი” საკუთარ ქალაქში ითამაშებს და ცხადია, ადგილობრივთა ქომაგობაც შეეშველება მეტოქესთან ბრძოლაში.
“თბილისი არენაზე” გამართული შეხვედრა ზესტაფონელებმა მშვენივრად დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ 5 ქულითაც გალიდერდნენ. ვითარება არც 2-წუთიანი შესვენების შემდეგ შეიცვალა. მართალია, რუსთაველებმა შედარებით გამოასწორეს თამაში, თუმცა ისე ვერა, რომ თამაშზე კონტროლი დაეწესებინათ. დიდ შესვენებამდე ქვემოქართლელებმა ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულით შეამცირეს,
თუმცა მესამე პერიოდიდან ვითარება კარდინალურად შეიცვალა.
რუსთაველთა გარდატეხის მთავარი მიზეზი დემარი კინგის შორი სროლები იყო. ამერიკელმა უკანახაზელმა 8 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 36 ქულა დააგროვა და რუსთაველთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მესამე პერიოდი ქვემოქართლელებმა 30:20 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 7 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეულში მოვლენები ისე განვითარდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. რუსთაველები დამაჯერებლად მივიდნენ გამარჯვებამდე – 110:97 (სტატისტიკა).
დემარი კინგის კვალზე რუსთაველებს გამარჯვებაში ჯორდან ჰეენდერსონი შეეშველა, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 13 ქულა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზეა. “მარგვეთში” 29 ქულითა და 8 მოხსნით ტაიშონ კროუფორდი გამოირჩა. მაიკლს მეისის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. ირაკლი სულხანიშვილმა ზესტაფონელებს 13 ქულა შესძინა.
მე-5 ტური დღეს ბათუმში დასრულდება, სადაც სათამაშოდ ტყიბულის “ორბია” ჩასული.
GBF