„რუსთავი 2“-თან აქციაა – მოთხოვნა მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის ეთერის დათმობაა

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან აქციაა. ჟურნალისტები მოითხოვენ ტელეარხმა პატიმრობაში მყოფი კოლეგის, მზია ამაღლობელის ადვოკატს ეთერი დაუთმოს.
ეს მოთხოვნა მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ – მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ 16 აპრილს გადაცემა „ღამის კურიერში“ მზია ამაღლობელის შესახებ თქვა, რომ „მსხვერპლი არ არის… კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.
მას შემდეგ, 6 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ეთერის დათმობის მოთხოვნით წერილობითაც მიმართეს.
დღეს, 25 ივნისს „ღამის კურიერის“ წამყვანი ნინო შუბლაძე, რომლის გადაცემიდანაც გაჟღერდა ბრალდებები პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიმართ, გამოეხმაურა ტელევიზიასთან მიმდინარე აქციას და თქვა, რომ მზად არიან, მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის პოზიცია მოასმენინონ მაყურებელს, თუმცა „ რა ფორმით, რომელ ეთერში, რა გადაცემაში და რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ჩვენს სტუმარს, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას“.
ხუთ თვეზე მეტია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი პატიმრობაშია. ის ბათუმში 12 იანვარს დააკავეს – პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მას ბრალი წაუყენებს სისხლის სამართლის კოდექსის ისეთი მუხლით, რომლითაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.