კომპანია „რუსთავის ფოლადის“ თანამშრომლებმა, – დაახლოებით 300-მა ადამიანმა – დღეს დილიდან, 7 თებერვლიდან, სამუშაო ადგილები მიატოვეს და პროტესტის ნიშნად ქარხნის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ. ისინი ხელფასის მომატებას და იანვრიდან გაშვებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას ითხოვენ.
გიგა ჩიქოვანმა, რომელიც ფოლადსადნობ საამქროში მუშაობს და ამავე დროს სამოქალაქო აქტივისტია, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალ ადმინისტრაციას გამაფრთხილებელი წერილით ერთი თვის წინ მიმართეს, ერთი კვირის წინ კი ხელახლა შეხვდნენ.
„ერთი თვის წინ გვითხრეს, რომ პროდუქციის ფასი დაეცა. მაგალითად, ერთი ტონა არმატურა 400 დოლარამდე გაიაფდა და თქვენს მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთო, მაგრამ ბაზარზე დღეს ტონა არმატურის ფასი 800-850 დოლარი ღირს, მაგრამ ხელფასს მაინც არ გვიმატებენ“, – გვითხრა ჩიქოვანმა.
„ჩვენ ხელფასის 500 ლარით მომატებას ვითხოვთ“, – თქვა მან.
„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
პროტესტის მონაწილეები დღეს დილით ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოსალაპარაკებლად შეხვდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
„ქარხნის ახალი გენერალური დირექტორი იგორ კორიტკო კონტაქტზეც არ გამოდის, მხოლოდ დაცვის და ქარხნის უშიშროების სამსახურის შუამავლობით გვესაუბრება. ის თვალითაც არავის უნახავს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას კიდევ ერთმა დასაქმებულმა, მეფოლადე გელა გიგლემიანმა.
იგორ კორიტკო გენერალურ დირექტორად ერთი წლის წინათ დაინიშნა. მანამდე ის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული კომპანიის, TMK-ის გენერალური დირექტორი იყო.
ფოლადსადნობ საამქროში დაახლოებით 350 ადამიანი მუშაობს. დასაქმებულები ამბობენ, რომ საშუალო ხელფასი დაახლოებით 1300 ლარია.
„ბრიგადაში, ფოლადის დნობაზე, ექვსი ადამიანი ვიყავით, ახლა ოთხნი დავრჩით, ანუ ექვსი კაცის საქმეს ოთხნი ვაკეთებთ, მაგრამ ხელფასი იგივეა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას კიდევ ერთმა მეტალურგმა, რომელიც მერაბის სახელით გაგვეცნო.
მან არ იცის, რა კრიტერიუმებით მოხდა თანამშრომლების შემცირება.
პროტესტის მონაწილეებმა რადიო თავისუფლებასთან პრეტენზია გამოთქვეს ასევე კვების ხარისხზე.
„კვება უფასო გვაქვს, მაგრამ გულძმარვას იწვევს, ბევრს საჭმელი სახლიდან დააქვს“, – გვითხრა პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილე ომარ ხარბედიამ.
ფოლადსადნობი საამქროს ახალდანიშნულმა უფროსმა კიაზო შარიქაძემ რადიო თავისუფლებასთან კომენტარისგან თავი შეიკავა.
პროტესტის მონაწილეებს შეხვდნენ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებიც.
პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მათი იურისტები მუშაობენ პრევენციულ ღონისძიებებზე, რათა პროტესტის მონაწილეები სამსახურიდან არ გაუშვან. მისივე თქმით, საწარმოს ადმინისტრაციას პროფკავშირები ჯერ არ შეხვედრია.
რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის საწარმოს დირექციასაც მიმართა.
პრესასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კითხვებს დირექციას გადასცემენ და უკუკავშირი ექნებათ. ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე განახლდება.
საწარმო კომპანია „რუსთავის ფოლადს“ ეკუთვნის. ამ კომპანიას, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს „ტოლანიუს ბიჰეერ ბი.ვი“.
„ტოლანიუსს“ კი, თავის მხრივ, ფლობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-ი.
საწარმოში ჯამში დაახლოებით 1500 ადამიანი მუშაობს.
სამი ძირითადი საამქროს მეშვეობით, ის აწარმოებს სამშენებლო არმატურას და ოთხი დიამეტრის სხვადასხვა მილს, ძირითადად, საექსპორტოდ.
ფორუმი
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/6d3e1fe3-e62d-419a-6419-08dd3ac790b0_cx6_cy13_cw93_w1200_r1-L2X5E4-300x169.jpeg)