რუსთავის მედიათეკაში, ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი ,,ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მედიათეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის გენდერული საბჭოს ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ნინო კობახიძე და ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის წევრი, პარლამენტარი ხატია წილოსანი, ფემიციდზე და ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფორმაზე – კიბერძალადობაზე ესაუბრნენ.
“გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება არის სწორედ ამ 16 დღიანი კამპანიის მთავარი აქცენტი. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შევხვდით, ვესაუბრეთ გენდერული ძალადობის ნიშნით შინაარსზე და განსაკუთრებული აქცენტით – კიბერძალადობაზე. დღევანდელ სამყაროში, როდესაც ძირითადად ყველა საქმიანობის სფერო ონლაინ რეჟიმზეა გადასული და განსაკუთრებით აქტიურად არიან ბავშვები ონლაინ სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ინფორმაციის მიწოდება იმაზე თუ ძალადობის რა ფორმები არსებობს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
„მედიათეკაში“ გამართულ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალთა ორგანიზაციის რუსთავის საბჭოს წევრებთან ერთად უმასპინძლა.
შეხვედრას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებოდნენ.
,,დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ გენდერული ძალადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სწორედ საგანმანათლებლო სივრცეში – მედიათეკაში მივაწოდეთ ახალგაზრდებს. დღეს მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და აქტუალური საკითხები განვიხილეთ. ჩვენ გავაგრძელებთ მათ ინფორმირებას და მაქსიმალურად შევეცდებით ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მედიათეკაში, ,,ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა, ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დასასრულს, ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებზე შეკითხვები დასვეს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია, მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება და მას ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი მასშტაბები აქვს. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, აღნიშნულ კამპანიას უკვე მეორე წელია, რაც უერთდება.