21 დეკემბერს რუსთავის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი ადგილობრივი მერიის მიერ წარდგენილ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს. სხდომა ოპოზიციურ უმრავლესობასა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის მწვავე დებატებითა და ხმაურით წარიმართა.
პროექტს ხმა მისცა საკრებულოს 19-მა წევრმა – ოპოზიციურმა ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ წევრებმა. ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც 35-წევრიან საკრებულოში 15 მანდატს ფლობს, პროექტი უარყო, ასევე პროექტს მხარი არ დაუჭირა „ლელოს“ წარმომადგენელმა. თუმცა, ნოემბერში გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციურმა უმრავლესობამ ბიუჯეტის პროექტის მიღება ჩააგდო.
რუსთავის მომავალი წლის ბიუჯეტი 112 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს 25 მილიონი ლარით აღემატება. საკრებულოს თავმჯდომარემ გახარიას პარტიიდან ნოდარ შეროზიამ სხდომის შემდეგ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაინგრა „ქართული ოცნების“ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეული მოსაზრება, თითქოს ჩვენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კოალიცია გვქონდა შექმნილი.
“ჩვენ არავისთან კოალიციაში არ ვართ, ბიუჯეტს კი მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ მოსახლეობის ინტერესებით ვხელმძღვანელობდით, რათა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შექმნოდა პრობლემა. თუმცა ჩვენის მხრივ, ბიუჯეტის მიმართ პრეტენზიები კვლავ რჩება“, – თქვა ნოდარ შეროზიამ. მან იგულისხმა ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ მოთხოვნა, რომ გაზრდილიყო საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული დაფინანსება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში 5 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე, შეროზიას თქმით, მისი ფრაქცია ითხოვს ავარიული შენობების რეაბილიტაციის უფრო ეფექტურ პროგრამას და დაფინანსების გაზრდას.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ალექსანდრე ბერიძემ საკრებულოს სხდომის შემდეგ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერიამ არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნები, სკოლებში პირველკლასელთასთვის უფასო კვების შემოღების შესახებ, ასევე მთელი რიგი სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდის საკითხი.
„ბიუჯეტის შესრულებაზე, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გახარიას პარტიამაც გაიზიარა, თუმცა მათთან შეთანხმებული ვიყავით, რომ პრინციპულ საკითხებში კოალიციურად ვიმოქმედებდით“, – თქვა ალექსანდრე ბერიძემ.
მისივე განცხადებით, ისინი დააკვირდებიან საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის დინამიკას და როცა ახალ ბიუჯეტში დამატებითი თანხეები გაჩნდება, მათი ფრაქცია კვლავ წამოწევს იმ საკითხებს, რომელიც ბიუჯეტის განხილვის დროს დასვეს.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რომელიც ხალხით სავსე საკრებულოს სხდომაზე ოპონენტებს პასუხობდა, ბიუჯეტის მიღების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარია ქალაქის მთავარი ეკონომიკური დოკუმენტი მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ „შეურაცხყოფების მოსმენა უწევდა“.
მან დასძინა, რომ რუსთავი კარგი მაგალითია იმისა, რომ ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭიროს იმ პარტიებს, რომლებიც „საბოტაჟს უწევს ამა თუ იმ ქალაქის ან სოფლის განვითარებას“. მან საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები იგულისხმა.