“რუსთავის აზოტში” ზამთრის სეზონიდან გლობალურად სასუქებზე ფასების მცირედით ზრდას ელიან

„რუსთავის აზოტის“ მმართველ კომპანია „ინდორამა კავკასუსში” ელოდებიან, რომ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გლობალურად სასუქებზე მოთხოვნა გაიზრდება.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ევროკავშირში ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადებას ზამთარში იწყებენ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა მცირედით ფასსაც გაზრდის.
თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სასუქების გლობალურ ფასებზე გავლენას ბევრი კომპონენტი ახდენს და კონკრეტული გათვლების გაკეთება რთულია.
“საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოების მომზადებისთვის ევროკავშირსა და სხვა ბაზრებზე ფერმერები მომზადებას ზამთრის პერიოდში იწყებენ. ამიტომ ამ პერიოდში სასუქებზე მოთხოვნის ზრდას ველოდებით. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამან ფასზე დადებითი გავლენა იქონიოს. მნიშვნელოვან ზრდას არ ველოდებით, მაგრამ სეზონის მოახლოებასთან ერთად, ფასი მცირედით მოიმატებს. ზოგადად, ამ ინდუსტრიაში ფასების წარმოქმნაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და ზუსტი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია”, – განაცხადა ლევან ბურდილაძემ.
ცნობისთვის, Galt&Taggart-ის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში გლობალურად ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 1%-ით შემცირდა და ერთ ტონაზე 242 დოლარი შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, სასუქებზე გლობალური მოთხოვნა წლიურად უმნიშვნელოდაა გაზრდილი და კვლავ სასურველზე დაბალი რჩება, ხოლო მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით, სასუქების ფასები 2024 წლის ბოლოს წლიურად მკვეთრად შემცირდება და მცირედი კლების ტენდენცია მომავალ წელსაც შენარჩუნდება.
ამასთან, გლობალურად ფასების კლება აისახება საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებაც. 9 თვეში ექსპორტზე 82.3 მლნ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქები გავიდა, რაც წლიურად 33.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება მოცულობას, იანვარ-სექტემბერში სულ 304 219 ტონა სასუქი გაიყიდა, რაც წლიურად 6%-იან კლებას წარმოადგენს.