დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო კონკურენციის სააგენტომ (GCCA) “რუსთავის ავტობაზრობა“ და შპს “მიკადო ჯორჯია“ 848 276 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ GCCA-ს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
სააგენტოს მიერ ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, საქმის მოკვლევა დასრულდა. საკითხი ეხებოდა ქალაქ რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების მიხედვით, “რუსთავის ავტობაზრობის” და “მიკადო ჯორჯიას” შემთხვევაში დადგინდა, რომ ქ. რუსთავში M1 კატეგორიის ავტომობილის შემდგომი რეალიზაციის მიზნით საპარკინგე მომსახურების მიწოდების ბაზარზე 2021, 2022 და 2023 წლების მიხედვით, ავტობაზრობას დომინანტური მდგომარეობა უკავია, რაც დადასტურებულია ამავე პერიოდის განმავლობაში მისი მაღალი საბაზრო წილის (40%-იან ნიშნულზე მეტი) და შესაბამის ბაზარზე მოპასუხე ეკონომიკური აგენტისადმი კონკურენციის გაწევის მაღალი ბარიერის არსებობით. ამასთან, ავტობაზრობამ 2023 წელს 10 და 15 ლარიანი ტარიფების დადგენის მეშვეობით, ავტომობილების რეალიზაციის მიზნით გაწეულ საპარკინგე მომსახურებაზე ჭარბი ფასები დაადგინა.
წარმოდგენილ დასკვნაში საუბარია, რომ მოპასუხე ეკონომიკურმა აგენტებმა მოკვლევის გარდამტეხ ფაზაში, უმეტესად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (2024 წლის 23 ივლისიდან 2025 წლის 27 იანვრამდე) არ ითანამშრომლეს სააგენტოსთან, დადგენილ ვადებში არ აწვდიდნენ საქმის შესწავლისა და გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მოთხოვნილ ინფორმაციასა და შესაბამის დოკუმენტაციას, რამაც გამოიწვია მოკვლევის პროცესის შეფერხება და ადმინისტრაციული წარმოებისათვის ხელის შეშლა.
შესაბამისად, სააგენტოს მოუწია გამოეყენებინა დამატებითი ბერკეტი, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საკანონმდებლო მექანიზმი, სასამართლოს მეშვეობით, დამატებითი დროითი და ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მიეღო უფლებამოსილების განხორციელებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
აქვე, სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე მოკვლევის პროცესში არ იკვეთება ქმედების შემამსუბუქებელი გარემოება ან გარემოებები, რომელთაც, შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ სანქციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ხოლო ამის საპირისპიროდ, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, სააგენტო ხაზგასმით მიუთითებს, რომ მოპასუხე ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის მიერ გამოწვეული ზიანის მასშტაბი არის შეუსაბამოდ მაღალი.
