რუსთაველის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა – რომელი შენობებით იწყებს მერია

თბილისში, რუსთაველის გამზირის #24 და #26-ში მდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის ტენდერი ცხადდება. შემსყიდველი ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდია. წინადადებების მიღება 27 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 284 480 ლარია.
როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელი ვალდებული იქნება საპროექტო მომსახურება შეასრულოს ტექნიკური წუნის გარეშე და მის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება და ზედმიწევნითი სიზუსტით სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტს 150 კალენდარული დღისა.
პრეტენდენტს 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული (დასრულებული) უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 (ერთი) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის (ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით) სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 100%-ისა.
თბილისის განვითარების ფონდის დამფუძნებელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტია, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე კი თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ