მთავარი არხის ცნობით, დედაქალაქის მთავარ გამზირს, რომელიც ტრადიციულად ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ეპიცენტრი იყო და ამ სტატუსს ბოლო 3 თვეა განსაკუთრებით მძაფრად ინარჩუნებს, თბილისის მერი რეაბილიტაციას უპირებს. ამასთან დაკავშირებით მერიამ შესაბამისი ტენდერებიც გამოაცხადა, ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად რუსთაველის გამზირი 4 მონაკვეთადაა დაყოფილი. 3 მათგანთან დაკავშირებით ხელშეკრულება უკვე დადებულია. ერთ შემთხვევაში კი წინადადებების მიღება ამჟამად მიმდინარეობს. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ოლიგარქიულ რეჟიმის მხარდამჭერ ბიზნესებს წარმოადგენენ და მათ “ქართული ოცნებისთვის” ათეულობით ათასი აქვთ შეწირული
რუსთაველის გამზირის (ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე) რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში (6.8 მილიონი), რომელშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი – შპს დინ გრუპი მონაწილეობდა, გამარჯვება სწორედ მას მიენიჭა. შპს დინ გრუპთან ხელშეკრულება 19 თებერვალს გაფორმდა.
დინ გურუპია გამარჯვებული რუსთაველის მეორე ნაწილის (ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით) (8.8 მილიონი) მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერშიც. აქ მისი კონკურენტი შპს კომპანია ბლექ სი გრუპი იყო თუმცა დინ გრუპის შეთავაზება უფრო იაფი აღმოჩნდა.
მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაციაზე (8.5 მილიონი) წინადადებების მიღება ახლა მიმდინარეობს.
თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს “რუსთაველამდე” მონაკვეთის რეაბილიტაციაზე კი 3 პრეტენდენტი იყო. შპს ლუკრი, შპს სმარტ სოლუშენს შპს დინ გრუპი. მათ შორის ყველაზე დაბალი ფასი დინ გრუპმა შესთავაზა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერში დისკვალიფიკაცია განიცადა და გამარჯვებულად შპს სმარტ სოლუშენი გამოცხადდა. 4.2-მილიონიანი ხელშეკრულება 17 თებერვალს დაიდო.
რაც შეეხება ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს და მათ მფლობელებს. შპს დინ გრუპს მისი დირექტორი და 75% წილის მფლობელი ნიკოლოზ ეპიტაშვილია. 25%-ს ფლობს ვახტანგ ამაშუკელი, რომელიც “ქართული ოცნების” შემომწირველია. მან ოლიგარქის პარტიას 2024 წლის სექტემბერში 60 000 ლარი შესწირა. 2015-2024 წლებში შპს “დინ გრუპმა” 94 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო. შპს სმარტ სოლუშენი დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან. 100%-იან წილს ლევან გოგსაძე ფლობს, რომელსაც 37 950 ლარი აქვს 2016 წელს ოლიგარქის პარტიისთვის შეწირული. გურამ კეკუას კი 2020 წელს 1200 ლარი აქვს შეწირული “ოცნებისთვის”.
