ხვალ, 25 თებერვალს, სრულდება 105 წელი მას შემდეგ, რაც „წითელი რუსეთის“ არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი თბილისი დაიკავა და ქვეყნის ოკუპაცია-ანექსია დაიწყო. ამის შემდეგ სამოცდაათი წელი გრძელდებოდა საბჭოთა/რუსეთის იმპერიის ბატონობა და თითქოს 1991 წლის შემდეგ მაინც უნდა მიეღოთ თავისუფლება და რეალური დამოუკიდებლობა „თეთრი და წითელი“ რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყნებს, თუმცა „მუდამ ფხიზელი“ ელცინის შეკოწიწებული ახალი იმპერია (ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) შემდეგ „ჩეკისტმა“ პუტინმა გააძლიერა და დღესაც მის მარწუხებში არიან ყოფილი კოლონია/რესპუბლიკები.
საბჭოთა კავშირი რომ იმპერია და „ხალხთა საპყრობილე“ იყო, ეს ყველამ კარგად იცოდა, ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე, თუმცა ამის შესახებ ღია და საჯარო განცხადებები მხოლოდ საქართველოდან ისმოდა. 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეების მესანგრის ხელბარებით დაუნდობელი ჩეხვა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება საბჭოთა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ მიტინგზე, ვითომდა, ექსტრემისტული მოწოდებებითა და „სახელმწიფო სტრატეგიული შენობა-ნაგებობების“ ხელში ჩაგდების აღკვეთის აუცილებლობით გაამართლა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მაშინ არანაირი „სახელმწიფო გადატრიალება“ არ მზადდებოდა, ხოლო რაც შეეხება გამომსვლელების „ექსტრემისტულ მოწოდებებს“: გამოტანილ პლაკატებსა და ბანერებზე არსებული წარწერები („ძირს კომუნისტური რეჟიმი“; „საქართველო დამოუკიდებლობას ითხოვს“; „სსრ კავშირი ხალხთა საპყრობილეა”, „ძირს საბჭოთა ხელისუფლება!“ და სხვ.) სწორედ რომ „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ შედეგი და დემოკრატიის „პირველი ყლორტები“ იყო.
ფოტოზე თავად ხედავთ, თუ რა „ექსტრემისტული“ მოთხოვნები ჰქონდათ მომიტინგეებს.
მოქალაქეები საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვას სწავლობდნენ. თუმცა ეს საბჭოთა რეჟიმის არსებობისთვის უდიდესი საფრთხე გახლდათ, ამიტომ ტოტალიტარული მანქანა სრული ძალით ამოქმედდა, რათა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებით გამოსული ქართველები სამაგალითოდ დაესაჯა.
მაშინ – საბჭოთა კავშირის, დღეს კი – რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ 9 აპრილს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ძალების მიერ თბილისში ჩატარდა სპეციალური ოპერაცია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სსრ მთავრობის სახლთან შეკრებილი ნაციონალისტ- ექსტრემისტების მიტინგის დასაშლელად.
ტრაგედიის შემდეგ ქართველმა ექიმებმა და მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული იყო უცნობი მომწამვლელი ნივთიერებები. ამას კატეგორიულად უარყოფდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახური, ასევე, ამ ინფორმაციას უარყოფდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროც, რომელიც აცხადებდა, რომ მათ სამხედრო ნაწილებს ეს მომწამვლელი ნივთიერება შეიარაღებაში საერთოდ არ ჰქონდა. არ გაგიკვირდეთ და ეს მართლაც ასე იყო.
მხოლოდ 1989 წლის 14 აპრილს აღიარა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქიმიური სამსახურის უფროსმა შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობის მიერ „ჩერიომუხას” (CN) გამოყენების, ხოლო 3 მაისს – „სი-ესის“ (CS) გამოყენების ფაქტები. ორივე ქიმიური ნივთიერების გამოყენებას ღია სივრცეში არ უნდა გამოეწვია მასობრივი მოწამლვები.
სახალხო დეპუტატის, ანატოლი სობჩაკის თავმჯდომარეობით მოქმედი სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ CN და CS ტოქსიკური ნივთიერებებია, რომლებიც იწვევენ ძლიერ ცრემლდენას, თვალებში მკვეთრ ტკივილს, ყელის წვის შეგრძნებას და კანის ბუშტუკებს. კომისიამ მათი გამოყენება „უდავოდ აღიარებულად“ შეაფასა, თუმცა არ გამორიცხა კიდევ სხვა მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს გამოყენებული კიდევ სხვა მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების დადგენა მძაფრსიუჟეტიან დეტექტივს დაემსგავსა. 1989 წლის 7 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, რომელთა შორის იყო ცნობილი ნევროლოგ-ტოქსიკოლოგი, ქალაქ ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი მარკო მუმენტალერი, ასევე, ტოქსიკოლოგი, პროფესორი რუდოლფ პორტმანი და სხვები. თბილისის სხვადასხვა კლინიკასა და საავადმყოფოში ისინი დაწვრილებით გაეცნენ 9 აპრილს ქიმიური ნივთიერებებით მოწამლულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. 12 მაისს მარკო მუმენტალერმა ძალზე საყურადღებო განცხადება გააკეთა: „მე არ შემიძლია დაგიმალოთ, რომ კლინიკური სურათის შესწავლისას შეგვხვდა მედიცინისთვის უცნობი ასპექტები, რადგან ეს ახალი დაავადება გახლავთო“. მ. მუმენტალერი მსოფლიო დონის მეცნიერი იყო, რომელიც სამხედრო კონფლიქტებსა და კრიზისულ ზონებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სხვადასხვა მისიაში მონაწილეობდა. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ნევროლოგია დღესაც მისი სახელმძღვანელოებით ისწავლება. ამიტომ, მით უფრო დასაფიქრებელია გამოცდილი მეცნიერისა და პრაქტიკოსის ზემოთ მოყვანილი განცხადება.
მიუხედავად იმისა, რომ CN და CS საბრძოლო ქიმიური ნივთიერებებია, 9 აპრილს მხოლოდ მათი გამოყენება მედიცინისთვის მანამდე უცნობი დაავადების მაპროვოცირებელი ვერ იქნებოდა.




