თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება.
მისი თქმით, ყველა მსხვილი პროექტის განხორციელებისას, პირველ რიგში, სრულად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.
„როგორც იცით, ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია საფარის დაზიანების, გზის ჩავარდნის შემთხვევები, სწორედ იმის გამო, რომ მიწისქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ალბათ, დავიწყებთ მაისში და ზაფხულის ბოლოსთვის ვგეგმავთ პროექტის დასრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირი მთლიანად შეიცვლება, მოწესრიგდება როგორც გზის საფარი, ისე ისტორიული შენობა-ნაგებობები.
„გამზირი რადიკალურად შეიცვლება, იქნება ახალი დიზაინი, კომფორტული და, რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, პროექტი იქნება ძალიან ლამაზი და ეფექტური. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ვგეგმავთ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასაც. შენობების დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ამ ძეგლების რეაბილიტაცია, რაც რამდენიმეწლიანი პროექტი იქნება, რადგან გვინდა რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ ფასადების, არამედ მთლიანად შენობების გამაგრება და მოწესრიგება“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ტროტუარი, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ნაგვის მიწისქვეშა ურნები. ასევე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადებულ ორ ტენდერში გაიმარჯვა შპს დინ გრუპმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ცნობით, შპს დინ გრუპის 25%-იანი წილის მფლობელმა ვახტანგ ამაშუკელმა ქართულ ოცნებას 2024 წლის 2 სექტემბერს 60 000 ლარი შესწირა. ორგანიზაციის თანახმად, ვახტანგ ამაშუკელმა მმართველ პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც შესწირა 15 500 ლარი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიხედვით, 2015-2024 წლებში შპს დინ გრუპმა 94 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო. ასევე,სახელმწიფო პროგრამიდან აწარმოე საქართველოში – 45 ათასი ლარი.
TI-ის განცხადებით, წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთილი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ ქართული ოცნების შემომწირველები არიან.
