რუსთაველის გამზირზე 24 აპრილს დაკავებულების ადვოკატი – როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტებოდა

მკვდარი კანონები გააცოცხლეს. მე კონსტიტუციით ვხელმძღვანელობ, სადაც წერია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტებოდა, – ამის შესახებ 24 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა და გზის გადაკეტვა ხელოვნურად ვერ მოხდებოდა და მიაჩნია, რომ დაკავებული ადამიანების მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
“ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონი, შეკრების შესახებ კანონს იცავს და ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავისი პროტესტი. ეს ახალი მუხლი აამოქმედეს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ათასობით ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე და როგორ შეიძლება მათ გზა ხელოვნურად გადაეკეტათ? ეს ყველაფერი არის პოლიტიკური და არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს. ამგვარი საქმეები სასამართლოში არ ყოფილა. დღეს ვნახოთ რა არგუმენტებს წარადგენს. მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ.
ადმინისტრაციული კოდექსი, საბჭოთა კოდექსია. მკვდარი კანონებია, რომლებიც დღეს გააცოცხლეს. მე კონსტიტუციით ვხელმძღვანელობ, სადაც წერია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტება”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე 24 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ათი პირის ინტერესებს იცავს. სამართალწარმოება კი აქციის მონაწილეებს სამანქანო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.