რუსთაველის გამზირზე, წუხელ და დღეს გამთენიას, აქციაზე დაკავებულები ზაჰესისა და სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გადაყვანილი.
როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განმარტა, დაკავებულების ნაწილი კვლავ ნაცემია. მან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ერთ-ერთი პირი მოინახულა, რომელსაც დაზიანებები აქვს. მან ადვოკატთან დანარჩენი დაკავებულების მიმართ განხორციელებულზე ძალადობაზე ისაუბრა.
„18 წლის მუსიკოსი, დიჯეია. „ბილტმორთან“ წრეზე ალყაში მოგვაქციეს, წამაქციეს და მირტყესო. მერე მანქანასთან წამიყვანეს, იქ 3 ადამიანს ურტყამდნენ, რომ მორჩნენ, მერე ჩემზე გადმოვიდნენ. შემდეგ ერთი ადამიანი მოვიდა, ჩემიაო ესო თქვა და წამიყვანესო. თვალში სისხლჩაქცევები, ტანი დალურჯებული აქვს”,- აცხადებს ადვოკატი.
პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების პროცესები მიმდინარეობს. 14:00 საათზეა დანიშნული ადვოკატ ბექა ბასილაიას სხდომაც.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა.