თბილისის მერია მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს, რაშიც ჯამში 90 მილიონი ლარი დაიხარჯება. მერიის ინფორმაციით მოხდება როგორც გარე ფასადების განახლება, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
რუსთაველის გამზირზე ერთდროულად რამდენიმე სასტუმროს პროექტია დაანონსებული, თუმცა ამ დრომდე სასტუმროების მშენებლობა არ დასრულებულა. ერთ-ერთი HYATT-ის ბრენდის სასტუმროა, რომლის მშენებლობაც 8 წელია მიმდინარეობს.
HYATT REGENCY TBILISI 180-ნომრიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარია. პროექტით ისტორიულ სარდაფში ქართული რესტორნის, ასევე მეოთხე სართულზე მეორე რესტორნის და მეშვიდე სართულზე „სქაი ბარის“ მოწყობაა გათვალისწინებული. მეშვიდე სართულზე ასევე იქნება 18-მეტრიანი აუზი. სასტუმრო ამოქმედების შემდეგ 200-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.
როგორც კომპანია “რუსთაველი ფროფერთის” ხელმძღვანელი BM.GE-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე სასტუმროს გარე ფასადის სამუშაოების 80% დასრულებულია, თუმცა კითხვაზე – როდის გაიხსნება სასტუმრო, მინდია გადაევი კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.
“მომავალ წელს ჩვენი ფასადი დასრულებული იქნება. არაჩვეულებრივი ფასადი გამოვიდა, 80% უკვე დასრულებულია. ვმუშაობთ, ინვესტიცია არ გაჩერებულა, ფაქტია, სახეზე გვაქვს შედეგი, რომელიც თვალსაჩინო იქნება, თუმცა სასტუმრო როდის გაიხსნება ვერ ვასახელებ, ძალიან დიდი პროექტია”, – ამბობს მინდია გადაევი.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა სახელმწიფოსგან „რუსთაველი ფროფერთიმ“ 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა, პროექტის დასრულებას კომპანია ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა. მინდია გადაევი აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების ვადა აუქციონის პირობით განსაზღვრული არ იყო.