რუსეთში Telegram-ის შეზღუდვის შესახებ ახალი გადაწყვეტილება მიიღეს.
„როსკომნადზორმა“ (რუსეთის ფედერალური აღმასრულებელი სააგენტო) 10 თებერვლიდან Telegram-ის მესენჯერის მუშაობის შეზღუდვა უკვე დაიწყო.
რუსმა მომხმარებლებმა Telegram-ზე წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩივილი ჯერ კიდევ 9 თებერვალს დაიწყეს. მსგავსი ხარვეზები ასევე დაფიქსირდა 2026 წლის იანვარსა და 2025 წლის დეკემბრის ბოლოს. საჩივრების უმეტესობა ეხება ფოტოებისა და ვიდეოების ნელ ჩატვირთვას და შეტყობინებების გაგზავნის დაგვიანებას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი Telegram-ის მუშაობის შეზღუდვას ცდილობს. 2025 წლის აგვისტოში „როსკომნადზორმა“ შეზღუდა Telegram-სა და WhatsApp-ზე ზარები (WhatsApp Meta-ს საკუთრებაა, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულად არის მიჩნეული და აკრძალულია).
სააგენტომ შეზღუდვები იმით ახსნა, რომ შეტყობინებების აპლიკაციები გახდა „ძირითადი ხმოვანი სერვისები, რომლებიც გამოიყენება მოტყუებისა და გამოძალვისთვის, ასევე რუსეთის მოქალაქეების დივერსიულ და ტერორისტულ საქმიანობაში ჩასართავად“.
ოქტომბერში „როსკომნადზორმა“ გამოაცხადა, რომ კრიმინალებთან საბრძოლველად Telegram-ისა და WhatsApp-ის ნაწილობრივი შეზღუდვა დაიწყო. დეკემბერში რუსეთის დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი ბოიარსკიმ განაცხადა, რომ რუსეთში Telegram-ის სრული დაბლოკვა ჯერ არ განიხილება.
„Telegram იყო და რჩება არა მხოლოდ მესენჯერად, არამედ სოციალურ ქსელადაც, ამიტომ მას ამ პერსპექტივიდან უნდა მივუდგეთ. მის ფარგლებში შეიქმნა და ფუნქციონირებს არხები, რომლებშიც მნიშვნელოვანი რესურსები და ძალისხმევაა ჩადებული. მირჩევნია, ამ ეტაპზე Telegram-ის სრულ დაბლოკვაზე არ ვისაუბრო“, – თქვა მან.
RBC-ს ცნობით, 2026 წლის დასაწყისში რუსეთი ფედერაციის საბჭოს ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, არტემ შეიკინმა, განაცხადა, რომ „როსკომნადზორი“ თანდათან ბლოკავს Telegram-ს. მისი თქმით, ეს გამოწვეული იყო მესენჯერის მიერ დანაშაულის პრევენციის მოთხოვნების დაცვაზე უარის თქმით.
Telegram ერთ-ერთი უკანასკნელი მესენჯერია რუსეთში, რომელიც დღემდე ლეგალურად მუშაობს. WhatsApp, FB/მესენჯერი ინსტაგრამი და სხვა სოცქსელები ყველა უკვე დაბლოკილია. აკრძალულია youtube-იც.




