ქართული წარმოშობის ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მისი ყოფილი პარტნიორის მიმართ სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ ონლაინ-მედიაში ვრცელდება.
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, დაზარალებულია ქალი, იულია ვანი, რომელთან ერთადაც ხუბუტია 2024 წლის ბოლომდე ცხოვრობდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.
იულია ვანმა ინსტაგრამზე თავად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის დასისხლიანებული ჩანს. ის ხუბუტიას ადანაშაულებს, რომ დაშორების შემდეგ ის ყოფილ პარტნიორს ემუქრებოდა ბავშვის და ქონების წართმევით და ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით გადაყვანით.
გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი ინციდენტი გუშინ მოხდა.
ხუბუტიას ყოფილი პარტნიორი ადანაშაულებს, რომ მან ქალს ორივე ფეხი მოტეხა და ის ქალს თავს ცულით დაესხა. პოლიციაში ბავშვის ძიძამ დარეკა. ადგილზე მისულ პოლიციას ხუბუტია სახლში არ დახვედრია. ქალს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია მოტეხილობებისა და სისხლის დაკარგვის გამო.
ხუბუტია რუსეთის და ასევე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა. ის წარსულში რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი იყო და თავის დროზე პუტინს საჯარო მადლობა გადაუხადა.
· ეს “ბეზპრიდელია” – ხუბუტიას მოსკოვთან ახლოს მიწას ართმევენ
