რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი სომხეთის სააპელაციო სასამართლომ არ გაათავისუფლა.
“გიორგის სააპელაციო საქმის განხილვა მის გარეშე ჩატარდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ გიორგი გათავისუფლებულიყო უკანონო პატიმრობიდან, რომელშიც უკვე 23-ე დღეა იმყოფება. ამ ეტაპზე ერთადერთი გზა ლოდინია – ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაჩქარებულ გადაწყვეტილებას გიორგის გათავისუფლების შესახებ. ამავდროულად, საქმის გასაჩივრებას ვგეგმავთ საკასაციო სასამართლოშიც, რათა დავამტკიცოთ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გიორგის დაკავება უკანონოა. უღრმესი მადლობა ჰელსინკის კომისიის ადვოკატებს, განსაკუთრებით ანის და არტურს მხარდაჭერისა და თავდადებისთვის”,- წერენ კინოიანის ოჯახის წევრები მის ფეისბუკ გვერდზე.
ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ გიორგი კინოიანი 2024 წლის ოქტომბერში დაუსწრებლად გაასამართლა უკრაინის ომში მონაწილეობისთვის და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთის მიერ ძებნილი კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს დააკავეს.
