რუსეთში ძალოვნებმა ახალი წლის ღამეს უკრაინაში საომრად გასაგზავნად რამდენიმე ათასი მიგრანტი დააკავეს
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში 1 იანვრის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა, რაც მიგრანტების მასობრივ დაკავებას გულისხმობდა. დაკავებულებით უკრაინაში რუსული ჯარების „მოხალისეთა“ რიგებს შეავსებენ. ამის შესახებ “ნოვაია გაზეტა, ევროპა”-სთან ისაუბრა ინფორმირებულმა წყარომ.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში FSB-ისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა “სანქტ-პეტერბურგში მიგრანტებისგან შვიდი ათასი მოხალისე მებრძოლის ჯგუფის დაკომპლექტება“.
თუმცა, პოლიციამ არ დაარბია ბინები, რომლებშიც ახალჩმოსულები ცხოვრობენ, რადგან ამით მიგრანტების დიდ ნაწილს შეაშინებდნენ – მათ შეეძლოთ სამშობლოში დაბრუნება ან “საგულდაგულოდ დამალულიყვნენ”. ამიტომ გადაწყდა რეიდის ახალი წლის ღამეს მოწყობა.
„მთელ ამ ოპერაციას „აზამატ“ ვუწოდეთ. არ ვიცი ეს ოფიციალური სახელია თუ არა, მაგრამ ჩვენები მუდმივად იყენებდნენ მას. კავკასიაში ეს სახელი ნიშნავს “ცხელ ბიჭს”, “მოჯადოებულ მხედარს”, – ამბობს წყარო რუსეთის ძაოვანი უწყებიდან. მისი თქმით, მთელი ოპერაციის „გამოსავალი“ თავად სახელშია – ეს არ არის ბრძოლა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ, არამედ „გაბედული ცხენოსნების“ ძებნა ჯარში სამსახურში.
მიგრანტები დააკავეს ხალხმრავალ ადგილებში, ძირითადად გოსტინი დვორში და მეტროსადგურ ადმირალტეისკაიას მახლობლად.
გამოცემის ინფორმაციით, პეტერბურგის ცენტრიდან პოლიციის განყოფილებებში სულ მცირე 3 ათასი მიგრანტი მიიყვანეს.
ერთ-ერთი უზბეკეთის მოქალაქე, ჟურნალისტს უყვება, რომ დაკავების შემდეგ მიგრანტებთან დროებითი მოთავსების დაწესებულებაში სამხედრო პერსონალი მივიდა და „კატეგორიულად ურჩია მათ ჯარში მოხალისედ ჩარიცხვა“. ვინც თავს იკავებდა, ემუქრებოდნენ ოჯახების რუსეთიდან გაძევებით.
შედეგად, მინიმუმ 1,5 ათასმა დაკავებულმა უკვე გააფორმა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, აღნიშნა შსს-ს წყარომ. „ბოსმა წუხელ თქვა, რომ ჩვენი გამოცდილება მოსკოვში დადებითად შეფასდა და ჩვენ მაგალითს ვაძლევთ სხვა რეგიონებს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ „ემიგრანტების დარბევა“ ახლა ნებისმიერ დღესასწაულზე მოხდეს“, – განაცხადა წყარომ.